ახალი ამბები
კედლები ამოყვანილია - საგამოფენო სივრცე, რომლის მოწყობა დასრულებული უნდა იყოს
FaceBook
ქუთაისის მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის პროექტი, რომელიც მერიას ახლა წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს, ჯერ მხოლოდ კონსტრუქციული სამუშაოების დასრულების ეტაპზეა.

„მიმდინარე ეტაპზე სრულდება კონსტრუქციული (მონოლითის მოწყობის) სამუშაოები, რის შემდეგაც დავიწყებთ მოპირკეთებისა და შიდა საინჟინრო ქსელების სამუშაოებს“,
- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.




სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი, ცენტრალურ მოედანზე მდებარე საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე (31 დეკემბრამდე) უნდა დასრულდეს.

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. მაშინდელი სახელშეკრულებლო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი პროექტში შესული ცვლილებებია, რაც ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით არის გამოწვეული.

იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში, პროტესტის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ, ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.

დაშალეს მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი, რომელთა გამოყენებითაც (თავდაპირველი პროექტით) უნდა აშენებულიყო მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე. ამიტომ, სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახული დეტალები და ორნამენტები გამოიყენა.

როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:

გადავადებულია წლის ბოლომდე - საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევის შემდეგ, საგამოფენო სივრცისთვის საჭირო კედლებს თავიდან ააშენებენ

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც დაშალეს

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს



Print