ახალი ამბები
DMO იმერეთს, წელს, 15 000-ზე მეტმა ტურისტმა მიმართა
FaceBook
2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 15 561 ტურისტმა მიმართა.

ეს რიცხვი პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 795 ვიზიტორით მეტია. კერძოდ, 2019 წლის იანვრის შემდგომი ექვსთვიანი სტატისტიკური მონაცემებით, ტურისტების იმ რაოდენობამ, რომლებიც ყოველდღიურად მიმართავდნენ DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრს, 10 766 შეადგინა.

როგორც DMO იმერეთში განმარტავენ, წელს, ყველაზე მეტი ვიზიტორი პოლონეთიდანაა (5 190), შემდეგ მოდის გერმანია (3 268), გაერთიანებული სამეფო (2 816), არაბთა გაერთიანებული საემიროები (2439) და რუსეთი (1848).

2019 წელს კი,  ტურისტების რაოდენობის მიხედვით, პირველ ხუთეულს გერმანია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და რუსეთი წარმოადგენდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 873,3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ფოტო: ფეისბუქ გვერდი "ქუთაისი Kutaisi". 

Print