ახალი ამბები
„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი
FaceBook
მას შემდეგ, რაც ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს, საქმით სახალხო დამცველი დაინტერესდა.

მაღაროელების პროტესტის მეცხრე დღეს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ჭიათურაში ჩასვლას და გაფიცულებთან შეხვედრას აპირებს.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაროში მომუშავეთა შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში, მინდა, შევხვდე ამ ადამიანებს და მოვისმინო მათი გასაჭირი, ვნახო, რა პრობლემები აწუხებთ. ერთი, რაც მისასალმებელია, რომ დაინიშნა სახელმწიფოს მხრიდან მედიატორი, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. კერძო სუბიექტებს შორისაა ეს პროცესი, თუმცა ჩვენთვის უფლებრივი თვალსაზრისით, მათი შრომითი უფლებების პერსპექტივის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ მათი შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

მეცხრე დღეა, რაც ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი გაფიცულია. მათ ქალაქის მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ. ამასთან, პროტესტის ნიშნად, 10 გაფიცული მეორე დღეა, შიმშილობს.

ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შრომის ინსპექციის სამსახურიც ჩაერთო.


ამავე თემაზე:

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

Print