ახალი ამბები
"შეურაცხმყოფელია, როცა ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“ - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა.

პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის. მან სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან ფრენების აღდგენასაც შეეხო. 


"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა, მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა",  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მთავრობა ევროპისა და ამერიკისადმი გაჟღერებული ბრალდებებისთვის გააკრიტიკა.

„გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ.

უნდა დავიბრუნოთ მომავლის იმედი, სიძულვილის ენა უნდა შეიცვალოს, ეს სახელმწიფოს ასუსტებს“, - თქვა პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.





Print