ახალი ამბები
ქუთაისის მერიის 50 ათას ლარიანი "პრომოუშენი"
FaceBook
ამ მიზნით ბიუჯეტში ყოველ წელს ერთი და იგივე  რაოდენობის თანხის გამოყოფა ხდება

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში, ქალაქის ტურისტული პოტენციალის პრომოუშენისთვის 50ათასი ლარია გამოყოფილი.
ბიუჯეტში ქალაქის პოპულარიზაციაზე ზრუნვა სამ პუნქტად არის შეტანილი. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში ამბობენ, რომ სამივე მიმართულებით აქტივობების განხორციელებას თანაბარი მნიშვნელობა აქვს.

ქუთაისის მერია,  საინფორმაციო მასალებისა და საპრომოუშენო პაკეტების მომზადება–გამოცემისთვის 15 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. ამ თანხით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის ტურისტული რუკის, კულტურულ–ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და ქართული ტრადიციების შინაარსის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო ხასიათის მასალები უნდა დაამზადოს, თუმცა, როგორც ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ამბობს, ამ მიზნით ბიუჯეტში ყოველწლიურად ერთი და იგივე რაოდენობის თანხის გამოყოფა ხდება. შესაბამისად, მსგავსი საპრომოუშენო ხასიათის მასალები მერიას მრავლად დაუგროვდა.

ამის მიუხედავად, პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ ყოველწლიურად აუცილებელია განახლება, ახალი პროექტების შედგენა და განხორციელება.

"გასულ წელს, ექსპერიმენტის სახით ორი ტურით კიევიდან 15 კაციანი დელეგაცია ჩამოვიყვანეთ. ექსპერიმენტმა გაამართლა და ახლა ვაპირებთ უფრო დიდი მასშტაბებით მოვახდინოთ ჩვენი ქალაქის პოპულარიზაცია. თანხა არასდროს არის საკმარისი, მაგრამ ჩვენი მიზანი ამ შეზღუდული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა,–ამბობს კლდიაშვილი.

პრომოუშენის მასშტაბების გაზრდისთვის, ეკონომიკის სამსახურმა, უკვე განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა 15 ათასი ლარით აფინანსებს. საინფორმაციო ტურების ორგანიზება, კი რომელზეც პაატა კლდიაშვილი საუბრობს და ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე დაიწყება, 20 ათასი ლარით დაფინანსდება.

მარიამ პატარაია

Print