ახალი ამბები
"ომი უნდათ? - მიიღებენ" - წყალტუბოში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ
FaceBook
წყალტუბოს სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.

მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობა, კერძოდ, უკანეთის, ბროწეულას, ქარსაფარის, გეგუთის, ქვედა მესხეთის, მუხიანისა და ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლები დღეს აქციაზე გამოვიდნენ.

ისინი ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება ნაგავსაყრელს დასახლებიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში უშენებს, რასაც არ დაუშვებენ.

„ხალხს, ფაქტობრივად, საძოვარი წაართვეს უკვე. გარდა ამისა, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიც არის იმ ტერიტორიაზე. გლეხობის მიწებიც უნდათ შეიტანონ. ამიტომ, კომპენსაციაც რომ გადაიხადონ, მე მაგალითად, მილიონიც რომ მომცემ, არ მინდა. სად უნდა გავზარდოთ საქონელი? ამას რომ თავი დავანებოთ, სუნთქვა ხომ გვინდა? დაგვახრჩობენ.

ამასთან, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით არის წყლის დინება (ქვედა), აქედან 5 კმ-ში არის წყალსადენი, სადაც „აქაჩავებენ“ ქუთაისში წყალს, ეს განაჟონი ყველა აქ არ მოხვდება? ამაზე რატომ არ ფიქრობენ? გარდა ამისა, დამეწყრილი ზონაა ეს, ფეხით ვერ გავდიოდით ხალხი ტყეში, ისეთი წყალი იდგა. გაზსადენიც მიდის იქ მაგისტრალი. ე.ი ავტობანი ჩვენთან, წყალსადენი, გაზსადენი, კანალიზაციაც ჩვენთან, აღარ შეგვიძლია, შეგვზღუდეს ყველანაირად“,-
ამბობს სოფელ უკანეთის მკვიდრი სულიკო გაბუნია.


მისივე თქმით, 31 მარტს წყალტუბოს მერიაში საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც სწორედ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. ამიტომ, მუნიციპალიტეტის მკვიდრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეიკრიბებიან და ნაგავსაყრელის მოწყობას გააპროტესტებენ.

„მერიიდან შემოგვთავაზეს, სამ-სამი კაცი ყველა სოფლიდან მოდით ხვალ და მიგიღებთო. არ მივალთ, გამორიცხულია. თუ მივალთ, მივალთ 5-6 სოფელი ერთად. ამიტომ, გადავწყვიტეთ, 31-ში, რადგან საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, შევიკრიბებით ყველა ერთად და არ მივცემთ ჩვენთან ნაგავსაყრელის აშენების უფლებას. ომი უნდათ? - მიიღებენ ომს“, - განმარტავს სულიკო გაბუნია.

"ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ ობიექტზე ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები იქნება გამოყენებული. ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ფოტო: ინტერნეტსივრცე
Print