ახალი ამბები
მერია წლების წინ დაზიანებული საცხოვრისის შენობის პრობლემის მოგვარებაზე ახლა მუშაობს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 5 წლის წინ აშენებული სოციალური საცხოვრისის დაზიანებული შენობის პრობლემების აღმოფხვრაზე ქუთაისის მერია მთავრობასთან ერთად ახლა  მუშაობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ხელისუფლებასთან ერთად საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს განიხილავენ.

„ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #40-ში მდებარე სოციალური საცხოვრისის შენობის სახურავს, რომელიც სტიქიის შედეგად იყო დაზიანებული, ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამუშაოები შეასრულა შპს „TU-KA”-მ, 2023 წლის 26 იანვრის #52 ხელშეკრულების საფუძველზე (გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების მოდელი SMP230000192).

რაც შეეხება შენობაში არსებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მათი მასშტაბის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე“,
- აცხადებენ მერიაში.

ქუთაისში, 10-14 იანვრის პერიოდში, ძლიერი ქარის შედეგად ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის სახურავი დაზიანდა. 29 იანვარს კი საცხოვრისის ხუთსართულიანი შენობის ორ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო აუცილებელი გახდა მობინადრეების დროებით სასტუმროში გადაყვანა.

მაშინ მერიაში განმარტეს, რომ ძლიერი ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავი სრულად განახლდებოდა, შეკეთდებოდა შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დააზიანა. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე კი ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდებოდნენ.

ქალაქში სოციალური საცხოვრისი 2018 წელს აშენდა, სადაც 80-მდე უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. ობიექტში, რომლის მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯა, ადამიანების შესახლებიდან რამდენიმე კვირაში ჭერი ჩამოინგრა. იმ დროიდან მოყოლებული, შენობაში სისტემატიურად ხან ჭერი ჩამოინგრა და ხანაც კედელი დაიბზარა, თუმცა აქ შესახლებული ადამიანებისთვის ყურადღება არც მაშინ მიუქცევიათ.

მობინადრეების "დასამშვიდებლად" და ობიექტის მდგრადობის დასაზუსტებლად ექსპერტიზაც ჩატარდა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ შენობა ნამდვილად ხარვეზებით იყო აშენებული. მაშინ საქმე მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ამ დასკვნას მერიის იმდროინდელი ადმინისტრაცია არ დაეთანხმა და დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

ფაქტია, რომ დაბზარულკედლებიან ობიექტში მობინადრეები დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას, ეს მაშინ, როცა ქუთაისის მერიას 3 თვეა გამოკეტილი აქვს ახლადაშენებული კიდევ ერთი საცხოვრისი გუგუნავას ქუჩაზე.

მერიაში, სადაც (2018 წლიდან დღემდე) 500-მდე თავშესაფრის მაძიებელის განცხადება უდევთ, ჯერ კიდევ არ იციან, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ ახლადმოწყობილ, 42 ოჯახზე გათვლილ საცხოვრისში ადამიანები.

Print