ახალი ამბები
მერიას სოციალური საცხოვრისის დაზიანებული შენობის შესაკეთებლად თანხა არ ეყო
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში, თვე-ნახევრის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.


მერიამ, შპს TU-KA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ დაზიანებული სახურავი შეაკეთა. სხვა, ამორტიზებული ოთახების მოსაწყობად კი, საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა. საუბარია, დაახლოებით 1 355 ლარზე, რომლის ღირებულების სამუშაოებს გამარტივებული ტენდერით ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მერია ახლა ჩაატარებს. 

„მაშინ, ხელშეკრულებაში, არ იყო საკმარისი თანხა, გარკვეული დაზიანებები (რამდენიმე ადგილას) შეკეთებულიყო, შესაბამისად, აღნიშნული შესყიდვა ამაზეა გამოცხადებული“,
- განმარტავენ მერიაში.

ამ თანხით საცხოვრისში ჭერი (დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს ფილების) უნდა შეაკეთონ. მანამდე კი, 12 ოჯახი კვლავ სასტუმროში დარჩება.

საცხოვრისის ხუთსართულიანი შენობის ორ სართულზე, ძლიერი ქარის შედეგად, ჭერი 29 იანვარს ჩამოინგრა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო აუცილებელი გახდა მობინადრეების დროებით სასტუმროში გადაყვანა.

მაშინ მერიაში განმარტეს, რომ ძლიერი ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავი სრულად განახლდებოდა, შეკეთდებოდა შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დააზიანა. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე კი ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდებოდნენ.

ქალაქში სოციალური საცხოვრისი 2018 წელს აშენდა, სადაც 80-მდე უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. ობიექტში, რომლის მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯა, ადამიანების შესახლებიდან რამდენიმე კვირაში ჭერი ჩამოინგრა. იმ დროიდან მოყოლებული, შენობაში სისტემატიურად ხან ჭერი ჩამოინგრა და ხანაც კედელი დაიბზარა, თუმცა აქ შესახლებული ადამიანებისთვის ყურადღება არც მაშინ მიუქცევიათ.

მობინადრეების "დასამშვიდებლად" და ობიექტის მდგრადობის დასაზუსტებლად ექსპერტიზაც ჩატარდა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ შენობა ნამდვილად ხარვეზებით იყო აშენებული. მაშინ საქმე მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ამ დასკვნას მერიის იმდროინდელი ადმინისტრაცია არ დაეთანხმა და დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

ფაქტია, რომ დაბზარულკედლებიან ობიექტში მობინადრეები დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას, ეს მაშინ, როცა ქუთაისის მერიას 3 თვეა გამოკეტილი აქვს ახლადაშენებული კიდევ ერთი საცხოვრისი გუგუნავას ქუჩაზე. 

მერიაში, სადაც (2018 წლიდან დღემდე) 500-მდე თავშესაფრის მაძიებელის განცხადება უდევთ, ჯერ კიდევ არ იციან, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ ახლადმოწყობილ, 42 ოჯახზე გათვლილ საცხოვრისში ადამიანები. 
Print