ახალი ამბები
"უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის"
FaceBook
პარლამენტში ე.წ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ „რუსულ კანონპროექტს“ საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა, გარეოში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, ეს კანონი საზიანო იქნება საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის გახსნას დაესწრო, აღნიშნული განცხადებაც სწორედ აქ გააკეთა.

"ახლახანს გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს (და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ), უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „რუსული კანონპროექტის“ შესახებ თავისი მოსაზრება, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთანაც დააფიქსირა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპას და მისი მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის „რუსულ კანონპროექტებს“, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.