ახალი ამბები
მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადს დაანგრევენ - მერიის გადაწყვეტილება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაინგრევა.
აღნიშნულის შესახებ  მერია განცხადებას ავრცელებს. 

"️ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ფუნქცია და მდგომარეობა, ქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ათწლეულების მანძილზე. ნაგებობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს , როგორც პროექტირების ფაზაში ჩატარებული ექსპერტიზები (დასკვნები), ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული დამატებითი საექსპერტო კვლევები. ️მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ჩვენი სურვილი იყო შეგვენარჩუნებინა შენობის ფასადი მაინც. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, რომელმაც უზრუნველყო ფასადის დროებითი დამაგრება. თუმცა, პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, არსებითად გაიზარდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო ორგანიზაციისა და პროექტის ავტორის პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს: არსებული ფასადის 3D სკანირება; რესტავრატორის მიერ დეკორატიული ელემენტების დანომვრა-მარკირება; არსებული ფასადის დემონტაჟი და დეკორატიული ელემენტების დასაწყობება; მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენება მშენებლობაში, წინასწარ შედგენილი სქემატური ნახაზების შესაბამისად; ახალი შენობისთვის ძველი შენობის პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნება",  - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ობიექტის წინა კედლის არამდგრადობა და ავარიულობა სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა, რომელიც  სამუშაოების დაწყევიდან 6 თვის შემდეგ დანიშნეს, ისიც არქიტექტორის ვახტანაგ დვალიშვილის მოთხოვნით. 

ვახტანგ დვალიშვილი, რომელიც მერიას არასწორი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ მიუთითებდა, ახლაც მიმართავს, სამუშაოები ქალაქგეგმარებითი ნორმების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართოს.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს
Print