ახალი ამბები
სტიქია თუ ხარისხის პრობლემა - რას ამბობს მინისტრი დაზიანებულ მშენებარე ხიდზე
FaceBook
„ვერ დამისახელებთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო"- ეს განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, მომხდარი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ხარისხის პრობლემაზე ვისაუბროთ.

მისივე თქმით, ყველა პროექტი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით ხორციელდება.

„ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. სამტრედია-გრიგოლეთის შემთხვევაში, მერვე ბურჯი დაზიანდა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე ნაშენი ორი მალის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და მის დასრულებამდე შეუძლებელია, რაიმე კონკრეტული ვთქვა, ვინაიდან მიზეზები უნდა დადგინდეს. ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ, ზოგადად, ჩვენ რაღაც ხარისხზე ვისაუბროთ, ჩვენი პროექტები საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით, ზედამხედველობით ხორციელდება, მათ შორის ხარისხის ნაწილში.

ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით ამოღებული იქნება დოკუმენტაცია, დამატებით შეისწავლება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის მშენებარე ობიექტი, ეს არის მშენებარე ხიდი, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ისევე, როგორც ობიექტი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა და არავინ არ დაშავებულა, შესწავლის შედეგად დადგინდება პასუხისმგებლობების საკითხი. კონკრეტულად ეს საკითხი გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, თუმცა თავი და თავი არის შესწავლა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მშენებარე ხიდი 21 თებერვალს დაზიანდა. აღნიშნულისთვის, რომელიც მშენებლობაც დასკვნით ეტაპზეა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ხიდი პირველი სტიქიისგან უკვე დაზიანდა. ჩანგრევის მიზეზად მაშინ მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეული წყალმოვარდნა დასახელდა. 

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს) გაივლის.


ამავე თემაზე:

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა

„დაწყებულია მიზეზების შესწავლა“ - ინფრასტრუქტურის მინისტრი მშენებარე ხიდის დაზიანებაზე

Print