ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ადგილობრივებისთვის 2 ლარი ეღირება,
უცხოელი ვიზიტორებისთვის კი - 10 ლარი.
ამის შესახებ ბაღის ხელმძღვანელმა თემურ ჩეჩელაშვილმა განმარტა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან არაპოპულარული სვლა, არ
შეიძლება ბოტანიკურ ბაღში შესვლა ღირდეს ერთი ლარი. ევროპაში, მე ჯერ
არ მინახავს 30-40 ევროზე ნაკლები იყოს სადმე შესვლა. ამიტომ,
ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნდა ღირდეს 2 ლარი ბოტანიკურ ბაღში
შესვლა. ყოველდღე აქ ადამიანი არ დადის და თვეში ერთხელაც რომ მოვიდეს
2 ლარს გადაიხდის ამისთვის. უცხოელებისთვის კი უნდა გახდეს 10 ლარი.
ეს მათთვის გამოდის დაახლოებით 3,5 ევრო.
ევროპაში თქვენ თუ ჩახვალთ და 3 ევროდ სადმე შეხვალთ, არაფერს აღარ
ვიტყვი. მინდოდა იანვრიდან უკვე ყოფილიყო ეს ტარიფი, მაგრამ უნდა
მომზადდეს ეს საკითხი, შეთანხმდეს ყველასთან, საკრებულომ უნდა მიიღოს
ამის გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეს ცვლილება“, - განაცხადა თემურ
ჩეჩელაშვილმა.
თუმცა, მისივე თქმით, მანამდე ბაღი უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ
მნახველს უღირდეს განსაზღვრული ტარიფის გადახდა.  
ამ დროსთვის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველასთვის 1 ლარი
ღირს. 
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად თემურ ჩეჩელაშვილი, მეორედ,
2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ზაზა
რამინაშვილი იკავებდა.
თემურ ჩეჩელაშვილი ბოტანიკურ ბაღს 2016-2018 წლებშიც
ხელმძღვანელობდა. 
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები