ახალი ამბები
ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს, კედლის ნაწილი ჩამოიშალა.

საუბარია ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადზე, რომელიც ამ სივრცისთვის უნდა გამოიყენონ. აღნიშნული სივრცის მოწყობის ერთ-ერთი პირობა, სწორედ ამ ფასადის ძველი იერსახის შენარჩუნებაა.

კედლის ნაწილის ჩამოშლას ადასტურებენ თავად სამუშაოების შემსრულებელ კომპანია შპს „ართვინ ჯორჯიაშიც“.

„კედელი არის 22 მეტრი სიგრძის მქონე და 12 მეტრი სიმაღლის. ძველი ქართული აგურისგან არის ნაშენები და აგრეთვე ეკლარის ქვების ჩანართვებისგან, რომლის შემავსებელი მასალაც არის გამოფიტული და ჩამოიფშვნა ფასადის კუთხე. არ მომხდარა მთლიანი 22 მეტრიანი კედლის სრული ჩამოფშვნა. შესაბამისად, კიდევ უფრო გავაძლიერეთ უსაფრთხოების ნორმები, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები და გაკეთდება ისე, რომ არც კედელი ჩამოინგრეს და ძველი იერსახე ჰქონდეს შენარჩუნებული“, -  განმარტავს კომპანიის მენეჯერი ნათია სარალიძე.



მისივე თქმით, საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოები არ შეწყვეტილა და არც მომავალში იგეგმება პროცესის შეჩერება. 

„ვახორციელებთ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით. სამუშაოები მიმდინარეობს ყველა ნორმის სტანდარტის, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. რაც შეეხება ფასადის იერსახის შენარჩუნებას, არ იგეგმება მისი ცვლილება და აუცილებლად იქნება შენარჩუნებული. რიგ შემთხვევაში კონკრეტულ სამუშაოებს ხელითაც ვასრულებთ, იმიტომ რომ არ დაზიანდეს ძველი რაც იყო და იქნას შენარჩუნებული", - ამბობს „ართვინ ჯორჯიას“ მენეჯერი.

მისივე განმარტებით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოება არ გამოვლინდა, შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, თებერვალში უნდა დასრულდეს.





არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი, რამდენიმე დღის წინ სწორედ იმაზე საუბრობდა, რომ მუზეუმის შენობის წინა კედელი ავარიული, ამორტიზებული იყო, ამიტომ მისი აღდგენა და გამაგრება არაეკონომიური იყო. არქიტექტორი ამბობდა, რომ უნდა მომხდარიყო კედლის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება.

მერიას მაშინ, ისევე როგორც ახლა, ფასადის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა. შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს

Print