ახალი ამბები
"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც უკვე თვეებია, ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ირგვლივ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, არქიტექტორი პროექტის კორექტირებას ითხოვს.
ადგილზე მულტიფუნქციური ღია ტიპის სივრცე ეწყობა, სადაც შენობის ფასადი შენარჩუნებული იქნება. სწორედ, ამ წინა ხედზე აქვს საუბარი ვახტანგ დვალიშვილს, რომელიც ამბობს, რომ შენობის დარჩენილი წინა კედელი ავარიულია.  

"დარჩენილია მხოლოდ დასავლეთის ერთი კედელი, ისიც ამორტიზირებულია და არაეკონომიურია მისი აღდგენა და გამაგრება. ეს შენობა შემოჭრილია მოედნის არეალაში 8 მეტრითა და 60 სმ-ით. ეს განპირობებულია იმით, რომ 1939 წელს დაიწყო თეატრის მშენებლობა და მისი დიდი გაბარიტების გამო, საჭირო გახდა მოედნის გაფართოება აღმოსავლეთის მხარს. აღნიშნული შენობა კი დარჩა შემოჭრილი“, - ამბობს არქიტექტორი.

იგი ამ საკითხით დაინტერესებას არქიტექტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს სთხოვს.

„მე მინდა ვთხოვო საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განავითარების მინისტრ ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე საქართველოს სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის უფროსს იოანე მენაბდეს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბს, ქუთაისის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ ზაზას, ძეგლთა დაცვას და ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ იოსებ ხახლეიშვილს: ბატონებო, გთხოვთ, გამოიჩინოთ ძალისხმება, რომ დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შევიდეს კორექტირება არსებულ პროექტში, მოხდეს დემონტაჟი დარჩენილი ამორტიზირებული კედლის და აშენდეს ახალი შენობა, რომელიც შეეფერება არსებული ცენტრალური მოედნის გენერალურ გეგმას", -  განმარტავს დვალიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. ტერიტორიაზე კომპანია "ართვინ ჯორჯია" ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა. შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა. წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

ამავე თემაზე:

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო


რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს
Print