ახალი ამბები
„ქალაქი არ უყვარს იმას, ვინც ეს ჩაიბარა"
FaceBook
ქუთაისის ას საფეხურიანი კიბე, რომლის რეაბილიტაციაც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობდა, უხარისხოდ არის გაკეთებული, რაც ყოველი წვიმის შემდეგ თვალსაჩინოა. 
კიბეების რეკონსტრუქციისთვის 741 191 ლარი დაიხარჯა, თუმცა ადგილზე, ყოველი გაწვიმებისას წყლის გუბეები მაინც დგება, რაზეც ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.



„თარაზო არ გქონდათ? - ისევ იქ დგება წყალი. ადრე ხუთამდე ადგილას იყო და ახლა ორ ადგილზეა შუა ზოლში“

„ე.ი პრობლემა პრობლემად დარჩა. ამ კიბეების რეაბილიტაციის მთავარი მიზანი ის იყო, რომ წყალი დგებოდა და აზიანებდა. რა აზრი აქვს ასე თანხების ხარჯვას არ მესმის, მაგრამ მთავარია ვიღაცა დასაქმდა და ვიღაცამ ფული იშოვა!“

„ქალაქი არ უყვარს იმას, ვინც ეს ჩაიბარა. რომ უყვარდეს 740 ათასი ლარის გადახდა ასე არ გაუადვილდებოდა. კიდევ კარგი მეტ საფეხურიანი რომ არაა, წყალი მერე გენახათ“, - ამბობენ მოქალაქეები.

ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ობიექტის რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების ვალდებულება კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ ელექტრონული ტენდერის გზით მიიღო. პრეტენდენტებს შორის, მერიამ ის იმ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის შესაბამისადაც შეარჩია, რომელიც ვაჭრობას - ანუ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებას, გულისხმობს. შესაბამისად, მხარეებს შორის ხელშეკრულება (2021 წლის 28 ოქტომბერს) 673 821 ლარზე გაფორმდა, თუმცა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელშეკრულებო პირობები შეიცვალა და პროექტის ღირებულება 741 191 ლარამდე გაიზარდა.

ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის პროექტში ცვლილება რვაჯერ შევიდა, აქედან ექვსი მათგანი სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებას ეხებოდა, რაც, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტში შესული ცვლილებით იყო გამოწვეული.

ბალახვნის კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა, პირობის შესრულება 2021 წლამდე ვერ შეძლო, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში სამუშაოებისთვის ფინანსები ვერ გამოიძებნა. საბოლოოდ, კიბეების რეკონსტრუქცია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი (NAT210017615) გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

რეაბილიტირებული ას საფეხურიანი კიბეები ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ ჩაუბარებია


Print