ახალი ამბები
რეაბილიტირებული ას საფეხურიანი კიბეები ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ ჩაუბარებია
FaceBook
რეაბილიტირებული ას საფეხურიანი კიბეები  ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ ჩაუბარებია. 


ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენში" ირწმუნებიან, რომ  "დახარვეზებით არაფერი დახარვეზებულა" და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება გარკვეული პროცედურული ეტაპების გამო დროში გაიწელა.

"სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა",
-  განმარტავს ჩვენთან საუბარში კომპანიის იურისტი ზაზა ჭაბუკიანი.

სინამდვილეში კი, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადის, ანუ 4 ოქტომბრის შემდეგადაც, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.  მაგალითად, კიბეებს შორის განთავსებული გაზონები სხვა ადგილზე გადაიტანეს. 

"ქუთაისიპოსტმა"  ას საფეხურიანი კიბეების შესახებ ბოლო მასალა 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც სწორედ სამუშაოების  ვადის  ამოწურვის მიუხედავად ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობაზე ვწერდით.



აქ იყო  განთავსებული 17 ოქტომბერს მზის პანელი

ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის პროექტში ცვლილება რვაჯერ შევიდა, აქედან  ექვსი  მათგანი სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებას ეხებოდა, რაც,  შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტში შესული ცვლილებით იყო გამოწვეული. 

"მერია ყოველ კვირაში ცვლის ხოლმე რაღაცეებს", - ამბობდნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ობიექტზე დასაქმებულები. გამოდის, რომ მერიას თავიდანვე სრულყოფილი პროექტი არ ქონია, რის გამოც პროექტში ცვლილების შეტანა უწევდა.

კომპანიამ, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ობიექტის რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების ვალდებულება ელექტრონული ტენდერის გზით მიიღო. პრეტენდენტებს შორის, მერიამ ის, იმ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის შესაბამისადაც შეარჩია, რომელიც ვაჭრობას - ანუ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებას, გულისხმობს. შესაბამისად, მხარეებს შორის ხელშეკრულება (2021 წლის 28 ოქტომბერს) 673 821 ლარზე გაფორმდა, თუმცა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელშეკრულებო პირობები შეიცვალა და პროექტის ღირებულება 741 191 ლარამდე გაიზარდა.

ბალახვნის კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა, პირობის შესრულება 2021 წლამდე ვერ შეძლო, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში სამუშაოებისთვის ფინანსები ვერ გამოიძებნა. საბოლოოდ, კიბეების რეკონსტრუქცია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი (NAT210017615) გამოაცხადა.


ამავე თემაზე:


ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას მერია გრანტის ფარგლებში გეგმავს

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა



ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print