ახალი ამბები
„უაზროდ თხრიან, ვერც თამარ მეფის საფლავი ნახეს და ვერც სანიაღვრე მოაწესრიგეს“
FaceBook
საინიციატივო ჯგუფ "როდემდეს" წევრებმა ქუთაისის მერიას სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთხელ შეახსენეს.

მათ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ამჯერად ბანერი და დინამიკი მიიტანეს, სადაც მოქალაქეების კომენტარები იყო ჩაწერილი.

ადგილობრივები სანიაღვრე სისტემების გაუმართაობაზე საუბრობდნენ და მერიას საკითხის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ.

„ზღვა დგება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, რადგან სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს. ანალოგიური პრობლემები გვაქვს უბნებშიც. ცოტა ხნის წინ გაპონოვზე საპირფარეშო რომ გაიჭედა, ლამის დაიხრჩო ნახევარი უბანი“

"ერთი გამაგებინეთ რას აკეთებენ, გადათხრიან, გადმოთხრიან უაზროდ. ვერც თამარ მეფის საფლავი ნახეს და ვერც სანიაღვრე მოაწესრიგეს. არაა ქუთაისში თამარ მეფის საფლავი, ვეღარ გაიგო ამ მთავრობამ? სხვაგან მოძებნეთ, ქუთაისს დაანებეთ თავი. ვეღარც მანქანით დავდივართ და ვეღარ ფეხით მივდივართ. რას ეძებთ ამ მიწის ქვეშ? მიწის ზევით გააკეთეთ, რომ იმხობა ყველაფერი"

„ყოველი წვიმის შემდეგ წყალი შემოგვდის ეზოებში, სახლებში. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ? გაუსაძლისი მდგომარეობაა, წვიმის გვეშინია უკვე“- ამბობენ მოქალაქეები.

სანიაღვრე სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით საორგანიზაციო ჯგუფმა დისკუსიაც გამართა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვია, თუმცა შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურის არც ერთი წევრი არ დასწრებია.

„მოქალაქეთა პრობლემების მოსასმენად და პასუხების გასაცემად არავინ მოვიდა, ამიტომ მერიასთან მოვედით და აქ მოვიტანეთ ხალხის ხმა"- ამბობს „ქუთაისი პოსტთან“ „როდემდეს“ წარმომადგენელი.

მისივე თქმით, აუცილებელია, მერიამ ბიუჯეტის შედგენისას პრიორიტეტები სწორად დაალაგოს და პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად უფრო მეტი თანხა გამოყოს.

"ქუთაისი ყოველი წვიმის დროს იტბორება, ადგილობრივი თვითმმართველობა კი ამას ყოველთვის მიაწერს სტიქიას, ნალექს და არ ამახვილებს ყურადღებას სანიაღვრეების ცუდ მდგომარეობაზე. სანიაღვრეები ამოვსებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით და არ იწმინდება. ამასთან, სხვადასხვა უბანში არასწორადაა დამონტაჟებული. მაშინ როცა ქუთაისის ბიუჯეტში ვკითხულობთ რომ ეს მიმართულება პრიორიტეტია, მოვითხოვთ, ეს პრიორიტეტულობა პრაქტიკაშიც გამოიხატებოდეს და სანიაღვრე სისტემების პრობლემას მიექცეს ყურადღება. გამოიყოს მეტი თანხა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად "- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.

"როდემდე?!" ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ქალაქში დასუფთავებისა და სანიაღვრე ქსელთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობს.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.