ახალი ამბები
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას მუშაობის უფლება შეუჩერდა
FaceBook
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანას, რომლის მუშაობასაც მოსახლეობა აპროტესტებდა, წარმოების უფლება შეუჩერდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

"სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა "ამბიკონ სტილსის" მეტალურგიული წარმოების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს",
- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საწარმო საქმიანობას მანამდე ვერ გააგრძელებს, ვიდრე სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა არ ექნება.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა წლებია დარღვევებით მუშაობს. კომპანია "ამბიკონ სტილსმა", რომელიც ბოლო სამი წელია ქარხანაში ოპერირებს, ქუთაისიპოსტთან საუბარში მხოლოდ ის აღიარა, რომ სავენტილაციო სისტემა გაუმართავია, რის გამოც, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა უკონტროლოდ ხდება.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქარხანა მუშაობას აგრძელებდა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლებოდა. "ამბიკონ სტილსს" მუშაობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ შეუჩერდა, რაც ერთი კვირის წინ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში ინდურმა კომპანია შპს "ამბიკონ სტილსმა" აიღო. ქარხანაში პრობლემებია სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც, რაზეც ხშირად საუბრობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.
Print