ახალი ამბები
ხუთწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის ხუთი წლის წინ დაანონსებული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება.


ბაღის რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა (NAT220007680) გამოაცხადა, რომელზეც წინადადების მიღება ხვალ, 5 მაისს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება (საპროექტო ხარჯთაღრიცხვა და შემდეგ რეაბილიტაცია) 13 500 000 ლარს შეადგენს, თუმცა, გამოცხადებული ტენდერის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 308 002 ლარია.

ტენდერის გზით გამარჯვებულმა კომპანიამ, ქალაქის ცენტრალური ბაღის და მის მიმდებარედ შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. მერიას დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ჰქონდა მისი განხორციელების მცდელობა, სადაც ცენტრალური ბაღის დიზაინის შერჩევაზე საზოგადოებას უნდა ემსჯელა. მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ნახეთ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის მაშინდელი ესკიზი.

რატომ ჩაიშალა ბულვარის რეაბილიტაცია წლების წინ  "ქუთაისიპოსტის"  მასალა ნახეთ აქ.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171 წლისაა. ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

Print