ახალი ამბები
ქუთაისის რომელი თეატრი არ შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას
FaceBook
ქართული თეატრი უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.


მიმართვას 70-ზე მეტი პროფესიული თუ სახალხო თეატრი, ასევე, თეატრალური ფესტივალი და სახელოვნებო ორგანიზაცია უერთდება. ხელმომწერთა შორის არიან ქუთაისის თოჯინების, ნიღბებისა და ახალგაზრდული თეატრები. ასევე ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“.

მხარდამჭერ განცხადებას ერთ-ერთი ბოლო შეუერთდა ქუთაისის მესხიშვილის თეატრი.




ხელმომწერთა შორის არ არის ქუთაისის ოპერის თეატრი.

აღსანიშნავია, რომ თეატრები მხარდამჭერ განცხადებას ომის დაწყებიდან მე-15 დღეს ავრცელებენ.

განცხადებაში ქართველი თეატრალები და ხელოვანები გმობენ რუსეთის აგრესიას და მხარდაჭერას გამოხატავენ მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელთა რიგებში არაერთი უკრაინელი თეატრალური მოღვაწეა.

"ჩვენ, საქართველოს თეატრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალები, დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციები, თეატრში მოღვაწე პერსონალიები უკრაინის გვერდით ვდგავართ. დღეს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომია, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია სისასტიკითა და ქსენოფობიური შემართებით გაანადგუროს უკრაინა, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, კულტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა.
გვახსენდება ყველაფერი – 9 აპრილი, ჩვენი აფხაზეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენი დაღუპული ბიჭები, გმირობისა და თავდადების ისტორიები და ასობით ათასი იძულებით – გადაადგილებული პირი. თითქოს ყველა მოუშუშებელი ჭრილობა ერთიანად გაგვეხსნა და ხელახალი სიმძაფრით სდის სისხლი. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის დანაშაული კაცობრიობის წინაშე სრულად იქნება გამოძიებული და საკადრისად დაისჯება. გვწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! გვწამს, რომ სინათლე დაამარცხებს წყვდიადს", – აღნიშნულია მიმართვაში.

უკრაინაში მეთექვსმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.






Print