ახალი ამბები
ცივილიზაციის პასუხი ომს - კომპანიები, რომლებიც რუსეთიდან გადიან
FaceBook
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გარდა, რუსეთს ემიჯნება, ტოვებს და თანამშრომლობას წყვეტს საერთაშორისო მნიშვნელობის ათობით უცხოური ფირმა, კომპანია, ორგანიზაცია თუ ფედერაცია.


მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, რუსეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვები შეაჩერა Apple-მა. კომპანიამ ასევე შეზღუდა საგადასახადო სისტემა – Apple Pay და სხვა მომსახურებები. ამასთან, შეიზღუდა Russia Today-ს სიახლეების ჩამოწერა.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია Ford რუსეთში გაყიდვებს აჩერებს.

"როგორც გლობალური თანამეგობრობის წევრი, Ford ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში შეჭრითა და შედეგად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შექმნილი საფრთხით", – აცხადებს კომპანია.

კომპანია საქველმოქმედო კამპანიაშიც ებმება. იგი 100 000 ამერიკულ დოლარს გადარიცხავს უკრაინელთა დახმარების ფონდში, რომელიც უკრაინის იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებსა და ოჯახებს ეხმარება.

"უოლტ დისნეის კომპანია" (The Walt Disney Co) აჩერებს ფილმების ჩვენებას რუსეთის ფედერაციის კინოთეატრებში.

"უკრაინაში უსაფუძვლო შეჭრისა და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ჩვენ ვაჩერებთ ჩვენებებს რუსეთში", – აცხადებს კომპანია.

შაბათ-კვირას უკრაინის კინოაკადემიამ მოუწოდა საერთაშორისო აქტორებს, ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთის ფილმების ინდუსტრიას.

კორპორაცია "მეტა", რომელიც ფეისბუკსა და ინსტაგრამს ფლობს, აცხადებს, რომ რუსულ სამთავრობო მედიებს, "სპუტნიკსა" და RT-ს (ყოფილ Russia Today-ს) ევროკავშირის ტერიტორიაზე აუდიტორიაზე წვდომას უკრძალავს.

მანამდე ფეისბუკმა (მეტამ) რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსებაც აუკრძალა. [ტვიტერმა მსგავსი გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო].

რუსული სამთავრობო მედიების დაბლოკვას კომპანია ასე ხსნის: სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით. ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა "ომს" და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც "სპეცოპერაციას". ამ ტრენდს მხოლოდ რამდენიმე რუსული გამოცემა/მედია არ მისდევს.

ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი Shell (SHEL.L) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში ინვესტიციებს აღარ განახორციელებს და ქვეყანაში ყველა მიმდინარე პროექტიდან გადის.

სხვა პროექტებთან ერთად, კომპანია წყვეტს თანამშრომლობას "გაზპრომთანაც". პროექტებს შორის, რომელშიც "შელს" სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა, არის Nord Stream 2, Sakhalin-2 (გაზპრომთან ერთად), Salym (ასევე გაზპრომთან) და Gydan.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ ენერგოკომპანიას, BP-ის რუსული კომპანია Rosneft-დან გააქვს საკუთარი, თითქმის 20% -იანი წილი.

"შელის" მხარდამხარ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში მუშაობას წყვეტს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი.

კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ხალხის სწრაფვას, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და თავად განსაზღვროს მომავალი.

ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) რუს და ბელარუს მოციგურავეებს მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. შეზღუდვა შეეხება ორგანიზაციის დაქვემდებარებულ სპორტის სხვადასხვა სახეობას, მაგალითად: ციგურებით რბოლას, ფიგურულ ციგურაობასა და სხვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ISU-მ საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL), – ჩრდ. ამერიკის ყინულის ჰოკეის ლიგა, – იუწყება, რომ ყველანაირ საქმიან ურთიერთობას წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან.

თანამშრომლობის შეწყვეტასთან ერთად, NHL-ი აჩერებს სოცმედიის რუსულენოვან საიტებს; ასევე, უარს ამბობს რუსეთის ფედერაციაში რაიმე ღონისძიების ან მატჩის ჩატარებაზე.

რუსეთის, ასევე ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს და კლუბებს, მის ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას უკრძალავს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც.

"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები ყველა საერთაშორისო ჩემპიონატიდან მოხსნეს.

უფრო ადრე, რუსეთის სამხედროების უკრაინაში შეჭრა ევროპის რაგბის ფედერაციამ (Rugby Europe) დაგმო და რუსეთში აქტივობები შეაჩერა.

ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრების გუნდები და საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოკვეთეს. მიზეზი აქაც არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვეღარ ითამაშებს მარტში, ხოლო ქალთა ნაკრები ზაფხულში ვერ გამოვა ევროპის ჩემპიონატზე.

გარდა ამისა, მოსკოვის "სპარტაკი" მოკვეთეს ევროპა ლიგის გათამაშებიდან.

UEFA-მ გაზპრომთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა — გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

მედიის განცხადებით, UEFA-მ გადაწყვიტა, რომ გაზპრომთან პარტნიორობა გაწყვიტოს ყველა ტურნირზე. ეს გადაწყვეტილება ძალაშია დაუყოვნებლივ და ყველა არსებულ შეთანხმებას მოიცავს, მათ შორის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგას, UEFA-ს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებს და UEFA EURO 2024-ს.

პუტინის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსული კომპანიების აქციების ღირებულება რეკორდულად მცირდება, სწორედ მათ შორისაა გაზპრომი.

რუსეთში არ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის წოდება შეუჩერა. მანამდე, ფორმულა 1-ის ტურნირი, რომელიც სოჭში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა.

პოლონეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის მატჩებს რუსეთთან, უკრაინაში შეჭრის გამო აღარ გამართავს.

რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს შვედეთიც, იმ შემთხვევაში, თუ სატურნირო მდგომარეობით შვედეთი და რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მიმართულებით, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვისა და ყაზანის მიმართულებით. ლატვიური ავიაკომპანია airBaltic აცხადებს, რომ გაზრდილი რისკისა და მოსალოდნელი შეზღუდვების გამო, აჩერებს ყველა ფრენას რუსეთის მიმართულებით და პირიქით. ფრენები შეჩერებული იქნება 26 მარტამდე.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელიც ყოველწლიურად მუსიკალურ კონკურსს ევროვიზიას ატარებს, აცხადებს, რომ წლევანდელ კონკურსში რუსეთის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს სპორტულ ფედერაციებს, რომ რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს აეკრძალოთ შეჯიბრებებში მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.

Adidas - უარს აცხადებს რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან მუშაობაზე. Audi - რუსული ბაზრიდან გავიდა. AMD კრძალავს რუსეთში მიკროჩიპების და უახლოეს მომავალში ვიდეო ბარათების მიწოდებას. Amazon - საცალო ვაჭრობას სრულად უბლოკავს რუსეთს. BBC -მ მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა. BMW - ხურავს ქარხნებს, Chevrolet - ბაზრიდან გავიდა. კანის ფესტივალზე რუსეთის ფედერაციის დელეგაცია დაიბლოკა. Cadillac - ბაზრიდან გავიდა. Carlsberg -მა ექსპორტი შეზღუდა. Cex Io - კრიპტო პლატფორმა კრძალავს რუს მომხმარებლებს. Cinema 4D -ის აპლიკაცია რუსეთში არ მუშაობს. Coca-Cola - ბაზრიდან გადის. Danone - "გადის ბაზრიდან, რადგან რუსი ბავშვები მას მაშინ სვამენ, როცა უკრაინელებს სარდაფებში სძინავთ". Dell - ბაზრიდან გავიდა, DHL-მა შეწყვიტა საქონლისა და დოკუმენტების მიწოდება რუსეთსა და ბელორუსში, Ericsson - ბაზრიდან გავიდა, Google Maps - ინფორმაციას ბლოკავს რუსებისთვის. General Motors - აჩერებს ექსპორტს, HP - მ შეწყვიტა ლეპტოპების მიწოდება. Netflix რუსულ გამოწერებს ბლოკავს და აჩერებს რუსული სერიალების წარმოებას. Nike - ყველა მაღაზიას ხურავს. Nintendo - რუბლებში შესყიდვებს კრძალავს. Nestle რუსეთში ექვსივე ქარხანას ხურავს..

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი სხვადასხვა სფეროში სანქციებისგან მიყენებულ ზარალს ყოველდღიურად განიცდის. მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები და წამყავნი გიგანტი კომპანიები აცხადებენ, რომ პროცესი არ შეჩერდება და რუსეთი სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.