ახალი ამბები
გაუქმებული სამსახურები და შემცირებული თანამშრომლები - რეორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში
FaceBook
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რეორგანიზაციის შედეგად 6 სამსახური, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა.

სააგენტოში 17-ის ნაცვლად ფუნქციონირებას 11 სამსახური განაგრძობს. შესაბამისად, შემცირდა სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობაც.  ამის შესახებ სააგენტომ განცხადება ფეისბუქ გვერდზე  გაავრცელა.

"რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას. რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებს, ჯერჯერობით, კულტურის სამინისტრო შეითავსებს.

"ჩვენ დაგვირეკეთ და დაგეხმარებით", - გვითხრა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან უშიკიშვილმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში  რეორგანიზაცია გასული წლის 25 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა. ახალი საშტატო განრიგი 15 იანვრიდან ამოქმედდა.








Print