ახალი ამბები
ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციას მეოთხე წელია აანონსებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ სამი წლის წინ დაანონსებული ბულვარის რეკონსტრუქცია ისევ გადაავადა.
ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას, ამჯერად, მომავალ წელს აპირებს.

მისი თქმით, რეკონსტრუქციის პროექტი რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

"ეს ხორცილედება პრემიერ-მინისტრის  მიერ ინიცირებულ რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში  და მომავალი წლიდან გვექნება ის რენდერები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქის ცენტრალური ბულვარი. როგორც დაანონსებული იყო, მოხდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ დენდროლოგიის შეცვლაც, ახალი ხე-მცენარეები დამატება", - განმარტავს  ქალაქის პირველი პირი.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის კეთილმოწყობა 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი დაპირება იყო. მერიამ დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო ესკიზზე მუშაობა, რომლის  საბოლოო ვერსიის  შერჩევა საზოგადოებას მიანდო და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი ფერისა და ფორმის ელემენტისთვის ხმა მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მერიაში განაცხადეს, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა ვერ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171 წლისაა და ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელ ამიერკავკასიაში. ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.


Print