ახალი ამბები
ქარტია: დადგეს შს მინისტრის და პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა
FaceBook
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს,
რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას". - აცხადებს ქარტია და მოითხოვს:

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;

დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;

ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;

დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;

დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

ის გარდაცვლილი მისი ოჯახის წევრებმა 11 ივლისს, გამთენიისას ნახეს. მათი თქმით, ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ამ წუთებში მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო".

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის. თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.