ახალი ამბები
"ფრესკები, რომლებიც ეკლესიაშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია'' - იუნესკოს ექსპერტი
FaceBook
უცხოელი ექსპერტების შეფასებით გელათში ვითარება არ არის სახარბიელო.
კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზე, არქიტექტორ-რესტავრატორმა და იუნესკოს ექსპერტმა უგო ტონიეტმა ისაუბრა.

ტონიეტის თქმით, გელათში წყლის ინფლიტრაცია გრძელდება, რაც მისი განმარტებით დაზიანებას იწვევს.

,,ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ვფიქრობთ, სახურავის გარკვეულ ნაწილზე ძველი ტექნიკით გადახურვა შეიცვალა ახალი ტექნოლოგიით, ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ბევრი ფაქტორი არსებობს და კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, რა არის ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა მის დაზიანებაზე",-  განაცხადა უგო ტონიეტიმ.

მისი თქმით, ფრესკები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საჭიროა შესაბამისი კვლევა, რათა სპეციალისტებმა იპოვონ გამოსავალი.

"ფრესკები, რომლებიც ეკლესიაშია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული სურათი შეიცვალოს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩავერიოთ, მაგრამ გვჭირდება ბევრი კვლევა და ანალიზი. იტალიაში ჩატარდება კვლევა და უნდა მივაგნოთ გამოსავალს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება გამოსწორდეს", - განაცხადა არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა.

იუნესკოს ექსპრეტებმა გელათის სამონასტრო კომპლექსში ერთკვირიანი მუშაობა 28 ივნისს დაასრულეს.

მათ შეისწავლეს, როგორც ტაძრის შიდა, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა. უცხოელი ექსპერტების თქმით, იტალიაში დაბრუნების შემდეგ დადებენ დიაგნოზს და რეკომენდაციებს.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print