ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გელათში ხარაჩოებზე ასვლა აკრძალა
FaceBook
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ გელათში აღმოჩენილ ახალ დაზიანებას ორგანიზაციის წევრებს აბრალებს და პრობლემას აკრძალვით პასუხობს.

ფრესკების დაზიანების პროცესის შესახებ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სააგენტომ ღვთისმშობლის ტაძარში არსებულ ხარაჩოებზე ასასვლელი ჩაკეტა.

"ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.

19 მაისს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგელებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოს ავტორები ირწმუნებიან, რომ ტაძრის იატაკზე არსებული თეთრი ფრაგმენტები დაზიანებული მხატვრობის ნაწილებია.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს"  დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.

მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


ამავე თემაზე:


"ივნისში გელათში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი''- თეა წულუკიანი


გელათის მონასტერზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დასრულდა


გელათის გადახურვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ და პროცესს ჩამოშორდნენ



Print
თეგები: #გელათი