ახალი ამბები
"სოფლის ავტობუსებს აჩერებენ და პირად ნომრებს იწერენ" - რა ხდება რიონის ხეობაში
FaceBook
რიონის ხეობაში, სადაც 164-ე დღეა გიგანტური ჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, საპოლიციო კონტროლი ოთხი დღეა გამკაცრებულია.

ხეობის "მცველების" ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები სოფლების მიმართულებით მოძრავ რეგულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს აჩერებენ და მგზავრებს ამოწმებენ. ისევ შეზღუდულია გადაადგილება სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ადგილობრივების ძირითადი საპროტესტო ადგილია.

"სოფლის ავტობუსებს აჩერებენ და ჩხრეკენ, აკვირდებიან ვინ შეიძლება ჩვენთან იყოს და ვინ არა. ვისაც სახეზე ვერ ცნობენ, პირად  ნომრებს იწერენ. ძალიან მკაცრი კონტროლია ჩვენი მიმართულებით გადაადგილებაზე", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, მუშაობას აგრძელებს  ტექნიკაც.

რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი სამი აპრილიდან, მას შემდეგ გამკაცრდა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი ჩავიდა. მერაბ ლომინაძე აქტივისტებთან შესახვედრად სამართალდამცავებთან ერთად მივიდა. ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი.

ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია გაშლილი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 163-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.


ამავე თემაზე:


ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს

"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი

ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები


Print