ქუთაისში საცხოვრებლის არმქონე პირებს,
მერია ბინას ხუთის ნაცვლად ორი წლით შესთავაზებს.
ბენეფიციარების სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების
ხანგრძლივობა მათივე სარეიტინგო ქულებზე იქნება დამოკიდებული, რომელთა
დაჯამებაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოხდება.
სოციალურ -ეკონომიკური მაჩვენებლების
გადამოწმებას დაექვემდებარებიან ის ადამიანებიც, რომლებიც საცხოვრისში
ხუთწლიანი პირობით შესახლდნენ. მერია ახლა აცხადებს, რომ 2017 წელს,
როცა საცხოვრისი გაიხსნა, დოკუმენტებში ტექნიკური ხარვეზი იყო.
საბინაო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დებულების მიხედვით შენობაში
ცხოვრების ვადა ხუთი წლით იყო განსაზღრული, თუმცა, სხვა ინფორმაცია
იყო მერიასა და ბენეფიციარს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
"დებულებაში იყო ხუთი წელი განსაზღვრული, თუმცა, ხელშეკრულება
ითვალისწინებდა ორწლიან ვადას. ეს იყო გარკვეული შეუსაბამობა,
ტექნიკური ხარვეზი, რაც ჩასწორდა. ამიერიდან ორი წელი იქნება ვადა,
რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათი ცხოვრების ხანგრძლივობა.
სოციალური სააგენტო ორ წელიწადში ერთხელ ამონიტორინგებს
ბენეფიციარებს. ასევე, გადამოწმდება ცხოვრობენ თუ არა ისინი მუდმივად
იქ. თუ ბენეფიციარი 10 დღის განმავლობაში მიატოვებს ბინას, ჩაითვლება,
რომ ის არ საჭიროებს საცხოვრებელს და კომისიაზე მოხდება მისი საკითხის
განხილვა", - განაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი
არაბიძემ.
მისი თქმით, სოციალურ სააგენტოში უკვე
გაგზავნილია მოთხოვნა ბენეფიციარების სარეიტინგო ქულების შესახებ
ინფორმაციის მისაღებად, რის შემდეგაც გადაწყდება ვინ აკმაყოფილებს იქ
ცხოვრების კრიტერიუმს. იმისთვის, რომ პირმა თავშესაფარში ცხოვრების
უფლება მიიღოს, მისი სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 110 000 -
ს. ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში, დროისთვის 82 ოჯახი, სულ 440
ადამიანი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები