ახალი ამბები
რა გაკეთდა გელათის მონასტერში მას შედეგ, რაც სამუშაოებს ახალი კომპანია ასრულებს
FaceBook
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე  დროებითი გადახურვის  წყალშემკრები სისტემის შეცვლის და თუნუქის ფენილების გარემოზემოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოებს კომპანია "ბაგინეთი+" ასრულებს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რამდენიმე კვირის წინ მონასტრის რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩააბარა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, უკვე სრულად შეცვლილია მთავარი ტაძრის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენების დროებით გადახურვებზე მოწყობილი პლასტმასის წყალგადამყვანი სისტემის ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური მილები.

უკვე დასრულდა:

ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 2 ეკვდერის აბსიდებზე დროებითი გადახურვის კონსტრუქციის ფორმის ცვლილებისა და წყალშემკრები სისტემის მოდიფიცირების სამუშაოები;

ტაძრის ქვედაპერიმეტრზე ახლადმოწყობილი ხარაჩოების მეშვეობით, დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცეეზე განთავსდა ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტები;

თუნუქის მყარი საბურველით გადაიხურა სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მკლავთაშორისი ფერდები;

დროებითი სახურავის ფენილებზე დამონტაჟდა გარემოზემოქმედების დამცავი ელემენტები და წყალშემკრები სისტემა.

"აღნიშნულმა სამუშაოებმა  სრულად აღმოფხვრა სახურავიდან ნადენი წყლით ტაძრის საპერანგე წყობის დატენიანების რისკი.  გარდა ამისა, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მთავარი ტაძრის მთელ პერიმეტრზე სათანადო მოეწყო წყალგადამყვანი და სადრენაჟე სისტემა, რომელიც ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვიდან ნადენი ნალექის ორგანიზებულად მიღებასა და სანიაღვრე არხებში გადაყვანას უზრუნველყოფს. ახლადმოწყობილი მიწისქვესა წყალგადამყვანი სისტემა გამორიცხავს ტაძრის სიახლოვეს წყლის ჭარბი ოდენობით დაგუბების ფაქტორსაც",- აცხადებენ სააგენტოში.

ტაძრის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებზე დროებით სახურავებზე წყალშემკრები სისტემები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა შეიცვალოს. დროებითი გადახურვის სეგმენტური ფენილები პრევენციულად მოეწყობა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზეც.

მომავალი კვირაში უნდა დასრულდეს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, დამცავი სახურავის მოწყობის პროცესი.

,,სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე მოწყობილი დროებითი სახურავის ფენილები არქიტექტურულ ძეგლებზე კომპლექსური კვლევის პროცესის დაწყებამდე შენარჩუნდება, რომლის ფარგლებში დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით სრულად იდენტიფიცირდება რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე მთავარი ტაძრის სახურავზე გამოვლენილი ხარვეზები და განისაზღვრება მათი გამოსწორების საკონსერვაციო ღონისძიებები",- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

გელათის მონასტერში წყალი სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში ჩავიდა. წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკები.

მონასტრის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების ხარვეზებით მიმდინარეობა არაერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი. კულტურული მემკვიდრეობს დაცვის სააგენტოში კი მათ შენიშვნებს არ იზიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ გელათის მონასტერს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები აღიარეს და კომპანიები დააჯარიმეს. სამუშაოებს ამჟამად კომპანია ,,ბაგინეთი+" ასრულებს.

გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის დამფუძნებელმა ალავერდელმა მეუფემ მოინახულა. როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებიდან გახდა ცნობილი, სამუშაოების მიმდინარეობას აღნიშნული ცენტრიც დააკვირდება.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ავტორი: ანა ჯიქია

Print