ახალი ამბები
"მიწები წაგვართვეს, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს“ - მასშტაბური აქცია რიონის ხეობაში (ვიდეო)
FaceBook
სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეკრება დაგეგმილზე ერთი საათით ადრე დაიწყო.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერთა ნაკადი არ წყდებოდა. უკვე პირველი საათისთვის ხეობაში ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. გზებზე მანქანების კილომეტრიანი რიგები დადგა. მალე სოფელთან მისვლა შეუძლებელი გახდა.

სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან ჩასულმა  აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დატოვეს და პროტესტის ადგილამდე ფეხით მივიდნენ. საგზაო მოძრაობას აფერხებდა ათეულობით სამართალდამცავ
ის მანქანებიც, რომლებიც გზებზე ეყენა.

ქუთაისი-ალპანას ვიწრო გზაზე პროცესის მონაწილეები უკვე ვეღარ ეტეოდნენ, რის გამოც, ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქცია ერთ-ერთი ადგილობრივის მიწაზე, პირდაპირ მდინარე რიონის სანაპიროზე გადაეტანათ.
ამის შემდეგ დაიწყო სიტყვით გამოსვლა. ადგილობრივები, რომლებიც 106 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მათ მიწაზე ჰესის მშენებლობას, მიმართავდნენ ხელისუფლებას და არწმუნებდნენ, იმაში, რაც აქტივისტების აზრით, მთავრობამ ისედაც კარგად იცის. იცის, რომ ნამახვანჰესი რიონის მთელი ხეობისთვის სასიცოცხლო რისკებს შეიცავს.

"ჯვარს გვითხრიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ აქ ფეხს ვერ დადგამთო. მართალია მიწები წაგვართვეს, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს ქართველ ხალხს და ვიბრძოლებთ ბოლომდე"- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მაკა სულაძემ. მაკა 52 წლისაა და უკვე სამ თვეზე მეტია უწყვეტად "დარაჯობს" ხეობას. ის ერთ-ერთია, რომლის სახლიც ჰესის დაფარვის ზონაში შედის, რის გამოც ექსპოპრიაციას ექვემდებარება, რაც კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს. მაკა ჰესის მშენებელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდება და არც იძულებით ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში აპირებს სახლისა და წინაპართა საფლავების დათმობას. მისი მოთხოვნა უპირობოა -  შეწყდეს ჰესის მშენებლობა.

ეს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ აქციის სხვა მონაწილეებსაც. ამბობენ, რომ პროტესტს, რამდენი ხანიც უნდა გაგრძელდეს, არ შეწყვეტენ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა, ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ის კარავი გაშალეს, რომელიც 30 იანვარს სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით აიღეს. ამჯერად, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას კარავის გაშლაში ხელი არ შეუშლია.

"რიონის ხეობის მცველები" პროტესტის 106-ე ღამესაც ქუჩაში, კარავში თავშეფარებულები გაათენებენ.  დილიდან კი ისევ დაიწყება ბრძოლა ხეობის დასაცავად.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.