ახალი ამბები
ქუთაისში, ერთდროულად 44 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, ერთდროულად მიმდინარეობს 43 ქუჩის და ერთი გამზირის კეთილმოწყობა. გზის საფარის გარდა, ეწყობა სანიაღვრე არხებიც.

გზების ერთდროულმა შეკეთებამ ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. რეკონსტრუქციის გამო, წერეთლის ქუჩის ჩაკეტვით მოძრაობა შეიზღუდა ფოთის ქუჩაზეც, სადაც ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს.

"გადათხარეს ყველაფერი, ტრანსპორტი ისედაც არაა და ტაქსით მოძრაობაც გაართულეს, დიდი მანძილის გამო მძღოლს მეტიც უნდა გადაუხადო. საავადმყოფოში არხის ქუჩით მიწევს სიარული", - ამბობს ადგილობრივი ფოთოლა ნიქაბაძე.

აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები, მარინა საკანდელიძეს კი, თვეების განმავლობაში გადათხრილი გამზირი გადაადგილების დიდ პრობლემას უქმნის.


აღმაშენებლის გამზირი


"ერთ მხარეს გზა გადათხრილია, მეორე მხარეს მანქანები ძლივს მოძრაობენ იმდენია, ცალმხრივი გზა გახადეს ორ მხრივი, სახლიდანაც გასვლა შემძულდა ისეთი ამბავია".

ქალაქში 44 ქუჩაზე გზების კეთილმოწყობას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების შესასრულებლად დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც 6 კომპანია შეირჩა. 

შპს "ორიენტირი'' ათ ქუჩაზე (წმინდა ლუკას ქუჩის - I ჩიხი, ბელიაშვილი-შარვაშიძის, ბელიაშვილი-გუნიას, ჯაილავას, იპოლიტე ხვიჩიას, მუხრან მაჭავარიანის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თამარაშვილის)  რეკონსტრუქციულ  სამუშაოებს 1 486 786,75 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

წმინდა ლუკას ქუჩა


შპს "ბლექ სი გრუპი" (წერეთლის, პოზნანის, პოზნანის ქუჩის I ჩიხის, სამტრედიის, ბაღდათის, გივი ბრეგაძის, კოლხეთის ქუჩის II შესახვევის, კოლხეთის ქუჩის I შესახვევის, ხონის, წმინდა საბას ქუჩის II შესახვევის, წმინდა საბას ქუჩის I შესახვევი,დოდო აბაშიძის, დოდო აბაშიძის ქუჩის I შესახვევის, წმინდა ლუკას ქუჩის - II ჩიხი, დადაენის, დედაენის ქუჩის - I ჩიხი, ვახტანგ მეგრელიშვილის, ანა კალანდაძის, ვანის, თერჯოლის და ვანის I შესახვევი) 21 ქუჩის კეთილმოწყობაზეა პასუხისმგებელი, რისთვისაც კომპანიას  8 380 448 26 ლარი გადაერიცხება.

წერეთლის ქუჩა


ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში აკკორდ ჯორჯი აღმაშენებლის გამზირის სამ კილომეტრიან მონაკვეთზეა პასუხიმგებელი. სამუშაოებს ის 7 373 275 ლარად ანხორციელებს.

შპს ,,ლომი'' სიათნოვას 0,3 კმ მეტრიან მოკვეთზე ატარებს რეკონსტრუქციულ სამუშაოებს 433 819 ლარად, აღსანიშნავია რომ შპს ,,ლომის'' ამ პროექტს კონტრაქტორებს შორის ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს.

ქუთაისის ხუთ ქუჩაზეა პასუხისმგებელი შპს ,,კრისტალი'', (მურმან ლებანიძის, ვეფხისტყაოსნის, ოთარ ქორქიას, ძმები ფრუიძეების და გაგრა) რეკონსტრუქციულ სამუშაოებს პროექტის მიხედვით ის 849 998 ლარად ასრულებს. ასევე, ხუთ ქუჩაზე (ოჩამჩირის, ნიკოლაძის, კუხიანიძის, სულაბერიძის, საჩხერეს და კოსტავა) სარეკონსტუქციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI" 189 8999 ლარად.

ქუთაისში გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, თუმცა, სამუშაოების დასრულების ვადა ყველაზე ქუჩაზე - 2021 წლის მაისი არის განსაზღვრული.

Print