ახალი ამბები
4 950 ლარი მხოლოდ დიზაინში - რა უჯდება ქუთაისის მერიას ძველი ნაძვის ხის განახლება
FaceBook
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ზუსტად 13 წლისაა. ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა.

მას შემდეგ მთავარ საახალწლო ატრიბუტს ყოველწლიურად ანახლებენ და განსხვავებული დიზაინით რთავენ. გასულ წელს ქუთაისის ნაძვის ხე განსაკუთრებულად ლამაზი იყო და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ახალი დიზაინით გააფორმებენ წელსაც, თუმცა, ეს ადგილობრივ ბიუჯეტს სოლიდური თანხა დაუჯდება. ნაძვის ხის მოსართავად,  ქუთაისის მერიამ,   ტენდერის გამოცხადებას ერთ პირთან მოლაპარაკება არჩია და ერთმანეთის მიყოლებით ექვსი ხელშეკრულება გააფორმა.

ექვსიდან ოთხი ხელშეკრულება მერიამ მხატვართა სახლ "ვარლასა" და იმერეთის მხატვართა ორგანიზაციის დირექტორთან, გიორგი დარსაველიძესთან დადო, ორი კი მოქანდაკე გიორგი კიკვაძესთან, თუმცა, იგი ამავდროულად დარსაველიძის ბიზნესპარტნიორია. გამოდის, რომ ექვსი ხელშეკრულება მერიამ რეალურად ორ პირთან გააფორმა და ტრადიციულად უარი თქვა ტენდერის გამოცხადებაზე.

დოკუმენტების მიხედვით, მერია გიორგი დარსაველიძეს  მხოლოდ დიზაინში 4 950  ლარს უხდის,  ჯამში კი დარსაველიძე ნაძვის ხის მორთვაში  19 850 ლარს მიიღებს. ამასთანავე, როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიამ ერთი და იგივე მომსახურებაზე ორი ხელშეკრულება გააფორმა. ერთი 2 დეკემბერს დეკორატიული მასალების შესაძენად, მეორე იგივე შინაარსის ხელშეკრულებას კი ხელი 11 დეკემბერს მოაწერა, თუმცა, ამჯერად დოკუმენტი იმავე პირთან  მერიის ააიპ არქიტექტურის სამსახურმა გააფორმა. მერიამ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმიტომ მიიღო, რომ ჯამური თანხა ხელოვნურად გაეყო და შესყიდვა მსხვილბიუჯეტიანი არ გამოჩენილიყო.  რაში სჭირდებოდა არქიტექტურის ააიპს დეკორატიული მასალები, ამაზე ააიპის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ არ გვიპასუხა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

ბოლო ორი ხელშეკრულების მიხედვით, რომლებიც მერიამ გიორგი კიკვაძესთან გააფორმა, 4 760 ლარი მოხმარდება ხელნაკეთობებისთვის მასალის შეძენას, ხოლო ესკიზების შექმნას 3294 ლარი. ჯამში, მხოლოდ ნაძვის ხის მორთვა ბიუჯეტს 27 904 ლარი უჯდება.

რატომ ირჩევს მერია ყოველ წელიწადს ერთი და იგივე გზას და რატომ არ აცხადებს ტენდერს საახალწლო ღონისძიებებისთვის უფრო ადრე, ვიდრე ეს წლის მიწურულია, ამაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხი არ აქვთ.

რაც შეეხება ნაძვის ხეს, რომლის გაფორმებაც მერიას 28 000 ლარამდე უჯდება, გიორგი დარსაველიძე ამბობს, რომ წელს  დიზაინისთვის ბაგრატის ტაძრის თემატიკა შეირჩა.  უკვე დამზადებულია შესაბამისი ორნამენტები.

"შარშან იყო კოლხური შადრევანი, წელს ბაგრატის თემატიკა ავირჩიეთ. უკვე დამზადებულია დიდი ზომის ორნამენტები, რომლებითაც გაფორმდება ნაძვის ხე. შარშანდელზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არ იქნება", - ამბობს გიორგი დარსაველიძე.

128 882 ლარს დახარჯავს მერია საახალწლო განათებაზე.

განსხვავებით ნაძვის ხისა და საახალწლო განათებებისგან, მერიამ პანდემიის გამო უარი თქვა კონცერტსა და ფოიერვერკზე. ამის მიუხედავად, ბიუჯეტს საახალწლო სამზადისი მაინც სოლიდური თანხა, 156 786 ლარამდე  უჯდება.


მასალის მთავარი ფოტო აღებულია ქუთაისიპოსტის არქივიდან, რადგან მერიას მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი ამ დრომდე არ დაუწყია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.