ახალი ამბები
პოლიტიკური პარტიების პლაკატები ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ჩამოახსნევინეს
FaceBook
ქუთაისში საარჩევნო-სააგიტაციო მასალები, საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

არც თუ ისე მარტივი სამუშაო, რასაც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, ვალდებულების მიუხედავად, ყოველ არჩევნებზე არიდებს თავს, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი  შრომის შემსრულებლებს დაეკისრათ.
მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" დასაქმებულებმა შესაბამისი დავალება 10 დეკემბერს მიიღეს და  რამდენიმე ქუჩაც დაასუფთავეს. თავად თანამშრომლები  დავალებას არ ეთანხმებიან და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ეს მათი ვალდებულება არ არის. მით უფრო, რომ მათ ამაში დამატებით თანხას არავინ უხდის. თუმცა, სამსახურის დაკარგვის შიშით ამაზე ღიად საუბარს ერიდებიან.

მერიის ააიპ "სპეციალურ სამსახურში" თანამშრომლებისთვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას ქალაქზე ზრუნვით ხსნიან და აცხადებენ, რომ რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ვალდებულება არ შეასრულეს, ქუთაისის მერია იძულებული გახდა სამუშაოები საკუთარი რესურსით შეესრულებინა. თუმცა, გადაუხდიან თუ არა თანამშრომლებს ამისთვის დამატებით თანხას, ეს ჯერ არ იციან.

"უფლება-მოვალეობის ნაწილში ეს არის გამიჯნული და ამის გაკეთება ჩვენ არ გვევალებოდა, მაგრამ რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა თავად არ ჩამოხსნეს, ამას მივეცით ერთგვარი აქციის ფორმა და დავასუფთავეთ ქალაქი.  რაც შეეხება დამატებით ანაზღაურებას, ფინანსურ ნაწილში  ვერაფერს გეტყვით ", - აცხადებენ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" .

მერიის ააიპმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

"არასანქცირებულ ლოკაციებზე პოსტერების გაკვრა იმთავითვე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტს, მაგრამ ვიმედოვნებდით პოლიტიკური პარტიები არჩევნების დასრულების შემდგომ თავად განახორციელებდნენ გაწმენდით სამუშაოებს, რაც აქამდე სამწუხაროდ არ მომხდარა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან  გამომდინარე  და ამ კუთხით  დაწესებული შეზღუდვების გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი რესურსებით განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები. ა(ა)იპ " სპეციალური სერვისები" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა საარჩევნო პლაკატებსაც მათ ნაცვლად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხსნიან, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ამბობენ, რომ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყეს, თუმცა, დასრულება ვერ მოასწრეს.

"ამ კვირაში დავიწყეთ და ვერ დავასრულეთ. ალბათ, ვერ მოვასწარით. როდესაც ჩამოვალ, პირადად გადავუხდი მადლობას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და რაც დარჩენილი იქნება, ჩამოვხსნით", - ამბობს პარტია "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი.

არჩევნებიდან სამი კვირის შემდეგაც საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობას პანდემიით ხსნიან "ლეიბორისტულ პარტიაში".  პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ ტრანსპორტის შეჩერების გამო ყველა ლოკაციაზე მისვლა ვერ მოახერხეს.

"ეტაპობრივად გვქონდა დაწყებული და ვაპირებდით სხვების ჩამოხსნასაც, მაგრამ კორონავირუსის გამო, ტრანსპორტის არარსებობის პირობებში ვერ მოვახერხეთ", - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

საკუთარი პლაკატები არ ჩამოუხსნია არც პარტია "ქართული ფესვების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნათია ჯიმშელეიშვილს. მისი თქმით, თავად და ორი თანამშრომელი, რომლებიც ამ საკითხებზე იყვნენ პასუხისმგებელი, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"მე და ჩემი ორი ტექნიკური თანამშრომელი ვიმყოფებით იზოლაციაში, ამიტომ ვერ მოვახერხეთ ჩამოხსნა", - განაცხადა ნათია ჯიმშელეიშვილმა.

საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით კი ჯარიმის რაოდენობა უნებართვოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში 50 ლარია, ხოლო იგივე მასალის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებობის შემთხვევაში  - 1000 ლარი.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.