ახალი ამბები
საქალაქო ტრანსპორტში რეგულაციების დაცვას ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
"საღამოს ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, დილით მგზავრს სალონი მოწესრიგებული დახვდეს'', - ამბობს #1 ნომრის მძღოლი. 

მგზავრთა ნაწილი აღნიშნავს, რომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ტრანსპორში დაგვიანებულია.

"კორონავირუსის გარეშეც ყოველდღე უნდა ასუფთავებდნენ ტრანსპორტს. ახლა როცა ვირუსის გავრცელების მასშტაბი ყოვედღე მატულობს  მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სისუფთავეს'', - განმარტავს მგზავრი მარიამ მიქაუტაძე.

ტრანსპორტში ახალი რეგულაციები 9 ნოემბერს დაწესდა. რეგულაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიორგი ხანძეიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ჯერჯერობით ჯარიმა არ არის.

'' თავიდან სიტყვიერი გაფრთხილება იქნება მძღოლის მიმართ, სავარაუდოდ, შემდეგ გადავალთ ჯარიმებზე'', - ამბობს ხანძეიშვილი.

ხანძეიშვილის თქმით, ზედამხეველობის  წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მძღოლებს  და  ახალი რეგულაციები დაცვა სთხოვეს. 

ტრანსპორტში რეგულაციების დაცვას მერიის ზედამხედველობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო და  46 სამარშუტო ხაზია.

Print