ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსის მართვაში მონაწილეობის სურვილი 50-მდე სტუდენტმა გამოთქვა
FaceBook
ქუთაისში სტუდენტები კორონავირუსის მართვაში ჩასართავად ემზადებიან.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  150-მდე სტუდენტმა თეორიული გადამზადება გაიარა. აქედან,   50-მდე სტუდენტმა კორონავირუსის მართვაში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა.

ლევან დათიაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ვირუსის მართვაში უნდა ჩერთოს და თეორიული მომზადების კურსს გადის. სამუშაო პროცესის დაწყებამდე ის და მისი მეგობრები  განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამით სწავლობენ, თუ როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა კოვიდბრძოლაში.

"ჯერ გავდივართ თეორიულ კურსს, სადაც გვიხსნიან პირადი უსაფთხოების ნორმების დაცვას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალური დახმარებასა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევებს", - ამბობს სტუდენტი ლევან დათიაშვილი.

მომავალი ქირურგი, კოვიდბრძოლაში პანდემიის გამოცხადების დღიდან სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული. იგი მეგობრებთან ერთად საყოველთაო ჩაკეტილობის დროს

ზესტაფონის სოფლებში მედიკამენტებისა და პირველადი  მოხმარების ნივთების გარეშე დარჩენილ ხანდაზმულებს ეხმარებოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ ჩვენი თანადგომა ამ ხანდაზმულების მიმართ. რადგან, ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც  მზრუნველობის მიღმა რჩებიან".

ამის შემდეგ იყო პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  შექმნლი ცხელი ხაზის (144) ოპერატორობა. სადაც დღეში ათობით ზარს ახორციელებდა.  ნაწილს თვითონ ურეკავდა, ხოლო  ზარების ნაწილს თავად  მოქალაქეები ახორციელებდნენ.

ახლა ჯერი კოვიდკლინებში მუშაობაზე მიდგა, რაზედაც მათ (სტუდენტებს) განათლების მინისტრმა მოუწოდა. 

"სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, თუ მოთხოვნა იქნება, შიში არ მაქვს და წავალ კლინიკაში სამუშაოდ".

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 700 სტუდენტი სწავლობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღლაკურსელია გადამზადებული.

იმერეთში მოქმედი კოვიდკლინიკებიდან დამხმარე სამედიცნო პერსონალის საჭიროებაზე ქუთაისში, მხოლოდ ,,ელჯიკოში“, საუბრობენ. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ვაკანსიები უკვე გამოაცხადეს. ამბობენ, რომ რესურსი ჯერ ჰყოფნით, თუმცა ახალი კადრების მოძიების აუცილებლობას მაინც ჰხედავენ.


ამავე თემაზე:

ლექციებიდან ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე


ავტორი: ანა ჯიქია
Print