ახალი ამბები
წყალტუბო დაპირებული "აღორძინებიდან" ერთი წლის შემდეგ
FaceBook
წყალტუბოს აღორძინების გეგმის დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ, არც გეგმაა და არც აღორძინებული ქალაქი.


22 მიტოვებული სასტუმრო და 9 აბანო, რომელთა შესყიდვასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებდა, ისევ მეპატრონის მოლოდინშია.

დაპირებული რეაბილიტაციის არც კონკრეტული თარიღი იცის ვინმემ და არც ის, თუ რა თანხა დასჭირდება საბჭოთა დროის ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის აღდგენას.



წყალტუბოს შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამოცდილება ეყო, როცა წინასწარ გაცხადებული ვადები არ გამართლდა და ამჯერად წყალტუბოელებისთვის არ უთქვამს, რამდენი ხანი დასჭირდება ქალაქის აღორძინებას. დაპირება იმთავითვე ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი იყო.

სანატორიუმი "მედეა"

"გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება'', - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ერთი წლის წინ გაავრცელა, თუმცა, რა დრო იგულისხმა შემჭიდროვებულ ვადებში, უცნობია.

დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, 23 ოქტომბერს ალაპარაკდა იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე "ახალი წყალტუბოს" პირველ კონტურებზე, თუმცა, საუბარია მხოლოდ გენგეგმის კონცეფციაზე, რომელზეც კონკურსი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდა. ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების პრეზენტაციაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდა, მხარის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

,,ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები წყალტუბოს გენგეგმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვიხილეთ პირველი კონტურები იმ კონცეფციის, როგორი უნდა იყოს წყალტუბო. ახლა იქნება შერჩევა იმ კომპანიის ვინც ამას გააკეთებს. შემდგომი ეტაპი კი იქნება გენერალური გეგმა რის შემდეგაც უკვე მოექცევა წყალტუბო ხარაჩოებში. წყალტუბოს განვითარება, რა თქმა უნდა მთლიანად რეგიონის მასშტაბით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გახდება ტურისტული ცენტრი, რომელიც გასცდება რეგიონს და საქართველოს. ეს იქნება ღირშესანიშნავი კურორტი არამარტო ევროპაში, არამედ, მსოფლიოში", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გენგემის კონცეფციის შესადგენად კონკურსში გამოვლენილ კომპანიას სამთვიანი ვადა ექნება, რაც ბიუჯეტს 922 ათს 500 ლარი დაუჯდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სანატორიუმებსა და აბანოებზე საპრივატიზაციო წინადადებებს ამის შემდეგ მოამზადებენ.


,,გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს საპრივატიზაციო წინადადებებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს გენგეგმის შემუშავებას. წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან,"- აცხადებენ უწყებაში.

წყალტუბოს აღორძინების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის 29 ოქტომბერს გასცა. მაშინ, ქალაქში ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფონდი "ქართუ" კურორტის ყველა მიტოვებულ სასტუმროსა და აბანოს გამოისყიდდა. პროექტში 200 ადამიანი დასაქმდებოდა და გეგმის განხორციელების შემდეგ, ქალაქს ერთი მილიონი ტურისტი ეწვეოდა.

ერთი წლის შემდეგაც, მმართველი პარტიის თავმჯდომარის დაპირების არ სჯერა ადგილობრივებს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი ამ საკითხის გააქტიურებას ელექტორატის მიზიდვის მცდელობად აფასებენ.


ავტორი: ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.