ახალი ამბები
“ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ” - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები 27 წელია ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ.
კორპუსს არ აქვს ფანჯრები, დაზიანებულია იატაკი და კედლები, წყალი ჩამოდის სახურავიდან. არ აქვთ ინდივიდუალური სააბაზანო და სასმელ წყალს საერთო საპირფარეშოს ონკანიდან იღებენ. ბოლო პერიოდში პრობლემებს სარდაფში დამდგარი წყალიც დაემატა. ოთხსართულიან შენობაში დაზიანებული მილებიდან წყალი ჟონავს და სარდაფში გროვდება, რის გამო შენობაში ნესტია. გაჩნდა მღრღნელები და ქვეწარმავლები. კედლებიდან ყოველდღიურად ცვივა ბათქაში. დაზიანებულია შენობის გარე ფასადი. დევნილები ამბობენ, რომ თუ დროულად არ მოხდა შენობიდან მათი გაყვანა, წლევანდელ ზამთარს ვერ გადაიტანენ.

"ფანჯრებიდან შემოდის წყალი. სარდაფში საშინელი მდგომარეობაა.
რწყილები, ხვლიკები და ბაყაყებია სარდაფში. დასალევი წყალი ტუალეტიდან მოგვაქვს, საშინელ დღეში ვართ", - ამბობს ირა წულაია.

"ამ ზამთარს ჩვენ ვერ გადავიტანთ. თუ რამე არ შეიცვალა, ასე ვერ ვიცხოვრებთ.  პასუხიც არ  ვიცით, არც მერიიდან, არც სამინისტროდან. არც დაპირებაა და  არც იმედია რამის და ვართ ასე გაურკვევლობაში", - ამბობს გუნლარა კუხალეიშვილი.


შენობის სარდაფი


გარდა იმისა, რომ დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა,რომ შენობას ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად არემონტებს. თუმცა, სად წავლენ დევნილი ოჯახები თუ მათი ბინით დაკმაყოფილება არ მოხდა, ამ დრომდე უცნობია.

დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოში ამბობენ, რომ გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრებლები მონიტორინგის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ამის გამო ვერ მოხვდნენ სიებში.

"როდესაც მივიდა მონიტორინგის ჯგუფი, ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ და როგორც ვიცი,  ამის გამო ეთქვათ უარი. ახლა ველოდებით პირველადი და მეორადი სიების გამოქვეყნებას და შემდეგ დაიწყება შესწავლა თუ ვინ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს", - ამბობს სამმართველოს უფროსი, დავით ჭეიშვილი.

სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ დევნილები და ამბობენ, რომ მონიტორინგის დროს ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, მათივე თქმით, უწყებამ გამოგონილი მიზეზებით უთხრა უარი. ახლა კი ბედის ანაბარა არიან დარჩენილი.

"ყველა იქ იყო, ყველას ფაქტობრივი საცხოვრებელი აქ არის, მაგრამ გამოძებნეს რაღაც მიზეზები და უარი გვითხრეს. ზოგს უთხრეს, რომ სხვაგან იყო მიწერილი, მე კი იმიტომ მეთქვა უარი, რომ მინდობით აღზრდაში მყავდა ბავშვები და ამის გამო ბინა მქონდა დაგირავებული, თუმცა, არ იყო ჩემს სახელზე და რეალურად აქ ვცხოვრობ", - ამბობს ირა წულაია. 


ქუთაისში ბინას 3000-ზე მეტი ადამიანი ელოდება. სწორედ ამდენი განცხადებაა შესული სამინისტროში, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში ფართი მხოლოდ 245 ოჯახს შეხვდება. 

გუგუნავას ქუჩაზე, ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებლები კვლავ გაურკვევლობაში არიან. მით უფრო, რომ მერიამ შენობის რეკონსტრუქციის პროექტი უკვე შეისყიდა და ახლა ტენდერი რეაბილიტაციაზე უნდა გამოაცხადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილებს შენობის დატოვება მოუწევთ. სად გადაიყვანს მათ მთავრობა, უცნობია. მანამდე კი, იძულებული არიან კვლავ გაუსაძლის პირობებში იცხოვრონ. 


რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები ნახეთ აქ:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.