ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქტივისტები მიმართვას ავრცელებენ
FaceBook
საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და სახალხო გაერთიანება „თემთა ერთობა" ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ.

ორი კვირის ვადაში შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის ე. წ. მოსამზადებელი სამუშაოები და გაყვანილ იქნას ტექნიკა.

ჩატარდეს გამოძიება შუახევი ჰესის ნგრევასთან დაკავშირებით და განისაზღვროს კომპანია „ქლინ ენერჯის“ საქართველოში საქმიანობით გამოწვეული ზარალის მასშტაბი. გამოვლინდნენ და პასუხისმგებლობა დაეკისროთ ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებს.

გაუქმდეს 2015 წელს ხელმოწერილი ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ჩატარდეს გამოძიება და განისაზღვროს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უკავშირდებიან ამ დოკუმენტებს.

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მიმდინარე წლის 5 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და „თემთა ერთობის“ ინიციატივით გაიმართა საპროტესტო აქცია ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ.

აქტივისტები, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  წერილობით მიმართავენ, რომელიც  ფართომასშტაბიანი აქციის დღეს 5 ივლისს მეზობელ ცაგერის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა:



მ ი მ ა რ თ ვ ა

ქ-ნო სალომე,

მოხარულნი ვართ, რომ სტუმრად ბრძანდებით ცაგერის მულიციპალიტეტში და იმედი გვაქვს, ჩვენთვის სათაყვანებელი ლეჩხუმი თქვენს გულში სამუდამო ბინას დაიდებს. სტუმარი ღვთისაა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
მოგახსენებთ, რომ გავრცელდა შიდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილია თქვენი მონაწილეობა ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის გახსნის ცერემონიალში. ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. არც ის შეგვიძლია რომ არაოფიციალური გზით შევამოწმოთ ამ ამბის ნამდვილობა. ამიტომ პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მოგმართავთ:

ვიდრე რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობას გადაწყვეტთ, თქვენ, როგორც კონსტიტუციის გარანტი, დოკუმენტალურად გაერკვიეთ სახელმწიფოს მხრივ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებული ქმედებების კანონიერებაში, არ დაეყრდნოთ მაღალჩინოსანთა მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს,რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ თქვენი ავტორიტეტი და სახელი. გამოცდილებით ვიცით, რომ მათთვის ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ნაცადი ხერხი. ხალხისთვის მათი სახელები უცნობი რჩება, სამაგიეროდ, ამახსოვრდებათ ისინი, ვისი ხელითაც საზეიმოდ იჭრება ავბედითი ლენტი. თითოეულ ჩვენგანს აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე - ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები, ხოლო თქვენი პასუხისმგებლობის ტვირთი გაცილებით მეტია სხვებისაზე და შესაძლოა, იმაზე მეტიც, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

გფარავდეთ და შეგეწიოთ ხვამლის წმიდა გიორგი თქვენ და სრულიად საქართველოს!


რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობის საფრთხეებთან დაკავშირებით.


ფოტო: ბუნება ჰესების გარეშე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.