ახალი ამბები
"კომპენსაციის გარეშე დავრჩით " - სოციალურად დაუცველების პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ყოფილ სამხატვრო სკოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ და დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ.
მათი თქმით, პანდემიის შემდგომ შემუშავებული გეგმა მათ არ შეეხო. შეღავათები ვერ მიიღეს ვერც კომუნალურ გადასახადებზე.

"კომპენსაციის გარეშე დავრჩით. არც კომუნალურებზე დაწესებული შეღავათები შეგვეხო, რადგან საერთო მრიცხველი გვაქვს და არ შეიძლებაო. 75 000-ზე ზემოთ სოციალური ქულა ვისაც აქვს, მხოლოდ იმათ ეკუთვნითო. ჩვენთვის არც პანდემიის დროს და არც მანამდე  საშველი ყოფილა", - ამბობს ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები ნინო მხეცაძე.

შენობაში შესახლებულებს სოლიდარობა გამოუცხადა "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კიკვაძემ. მისი თქმით,  მთავრობისგან კომპენსაცია სწორედ იმ პირებმა ვერ მიიღეს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. ოპოზიციური პარტიის წევრი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაეხმაროს.

"მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ქუთაისში სოციალურად დაუცველთა 80% დატოვა დახმარების მიღმა. ხელისუფლებამ ხელები დაიბანა. დაახლოებით, ხუთი მილიონი ლარის ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი ქუთაისის ბიუჯეტში. ამიტომ,  მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმმართველობას, გასცენ კომპენსაციები იმავე რაოდენობით, რა რაოდენობითაც  გაიცა სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. რეალურად, ამ თანხის მესამედია საკმარისი, რომ ამ ადამიანებმა ერთჯერადად მაინც მიიღონ დახმარება. ეს იქნება სამართლიანი მიდგომა", - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფიქრია ხაჭაპურიძე ოპოზიციური პარტიის შეთავაზებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

"სასურსათო ამანათები რამდენჯერმე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, სამამულო ომისა და შშმ ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, პირველი ჯგუფის შშმ პირებს. საკვები პროდუქტები მიიღო ბაგა-ბაღების 8 500 აღსაზრდელმა. უშუალოდ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურიდან სააღდგომო ნობათი მიიღო 2750-მა  სოციალურად დაუცველმა ოჯახმა", - ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე.

ქუთაისის სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში 10-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი და კანალიზაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულებზე ქუთაისიპოსტმა სიუჟეტი 2017 წელსაც მოამზადა. მაშინ შენობაში მცხოვრები ოჯახები ბინის მიღებას ნიკეას ქუჩაზე, ახლადმოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ელოდებოდნენ, თუმცა, საცხოვრებელი მათგან საბოლოოდ მხოლოდ ხუთ ოჯახს ერგო.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ქუთაისში რეგისტრირებული 2 467 ოჯახიდან დახმარება მხოლოდ 567-მა მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.