ახალი ამბები
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად ოპერის თეატრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში წუხელ ღამით დაიწყო.

ქვეყნის დამოუკიდებლობლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის თქმით, 26 მაისი სიამაყის, თვითშეგნებისა და ღირსების დღეა. 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მადლობა იმ ადამიანებს გადაუხადა, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა დღეს დამოუკიდებლობა გვეზეიმა. 

"ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ, რომ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხვდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ". 

დღეს ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და კაპელა მინიკონცერტს გამართავს, სადაც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება ყოველწლიურად იმართებოდა.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წელს თარიღი მოკრძალებულად აღინიშნება.


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. უკვე წლებია ეს დღე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ დღეს სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.
Print