ახალი ამბები
შუქრუთელები 22 თებერვალს აქციას ჭიათურის მერიასთანაც გამართავენ
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც მეოთხე დღეა "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული 12 მაღარო პარალიზებული აქვთ, 22 თებერვალს აქციას ჭიათურის მერიასთანაც გამართავენ.

შუქრუთელების თქმით, აქცია გამაფრთხილებელი იქნება და ისინი ცენტრალურ მთავრობას პრობლემით დაინტერესებისკენ და მედიატორის როლის შესრულებისკენ მოუწოდებენ. 

"მთელი სოფელი ერთიანია, რადგან საუბარია როგორც დამდგარ, ასევე მოსალოდნელ ზარალზე. იყო კომპანიის მხრიდან დაშინების მცდელობები, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჯანო ლაბაძე. 

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწედებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია).

კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი - "საინჟინრო კვლევების ცენტრი" დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული", - აცხადებენ "ჯორჯიან მანგანეზში"

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით პორტესტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.




ამავე თემაზე:


"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)


"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაბრუნებისკენ მოუწოდებს


Print