ახალი ამბები
პროტესტის მე-2 დღე - შუქრუთში აქცია გრძელდება
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.
სოფლის მაცხოვრებლებმა შუქრუთში არსებული 12-ვე მაღაროს მუშაობა შეაჩერეს. 

"მთელი სოფლის 90% დგას აქ და არ ვაპირებთ აქციების მანამდე შეწყვეტას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს შუქრუთში ერთ-ერთი მცხოვრები გიორგი ნეფარიძე.

მოსახლეობა კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას თვეებია ითხოვს. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს.

შუქრუთში სახლების გაბზარვის გამოწვევს მიზეზებს თავიდან შპს "საინჟინრო კვლევების ცენტრი" იკვლევდა. თუმცა არასამთავრობო სექტორი მაშინ აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ეს საკითხი არა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ გამოიძიოს.

შუქრუთელთა პროტესტს გამოეხმაურა EMC და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

"ჯორჯიან მანგანეზში" აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით პორტესტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

თავის მხრივ კომპანიამ მაღაროების პარალიზების დროს მიყენებული ზარალისთვის შუქრუთის 81 მცხოვრებს სასამართლოში უჩივლა. "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 20 თებერვალს გაიმართება.


ამავე თემაზე:

"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)


ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის
Print