ახალი ამბები
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გააუქმა
FaceBook
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს, 4 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმა. 

ამის თაობაზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ,,ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოსტი გამოაქვეყნა. 

„რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია. მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. როგორც მოგეხსენებათ, დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს, მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია.


ამავე თემაზე:


ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა
Print