ახალი ამბები
ხარაგაულის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ
FaceBook
ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი ხარაგაულის მერს კორუფციაში ადანაშაულებს.

ავალიშვილის თქმით, 2014 წლიდან 2019 წლამდე ხარაგაულის მერიას სამი მილიონ ოთხასი ათასი ლარის დაუმთავრებელი პროექტები აქვს. მისივე თქმით, სამუშაოების შესრულების ვადებიც უკანონოდაა გადავადებული. 

"ამდენი შესრულებელი სამუშაოები და უკანონოდ გადავადებული სამუშაოები გვაძლევს იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ მერი კორუფციულ გარიგებაშია ჩართული ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან. ჩავარდნილია სოფლების გზის მობეტონებითი პროექტები, ხიდ-ბოგირების სამუშაოები, სანიაღვრე არხები და ასე შემდეგ", - ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

დეპუტატი, ასევე, ამბობს, რომ 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკან დაიბრუნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი მილიონ სამასი ათასამდე ლარი, რადგან მერიამ ის ვერ განკარგა.

ხარაგაულის მერიამ ჩვენს კითხვებს აღნიშნულ ბრალდებებზე 10 დღის შემდეგ უპასუხა. მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიას დაუმთავრებელი პროექტები 2019 წლიდან გადმოყვა, საიდანაც ნაწილს ხელშეკრულება შეუწყდა, მათზე გამოცხადდა განმეორებითი ტენდერები, დანარჩენ ნაწილზე კი მშენებლობები დაკისრებული ჯარიმის თანხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თანხების დაბრუნებას, მერიის განცხადებით, აღნიშნული ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს თანხა არ მიუღია.

2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის დასკვნაში კრიტიკული შეფასებები აქვს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა, რომ ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბოლომდე ვერ უზრუნველყო ეფექტიანი შედეგის მიღება. პროექტების დაგეგმვის, შესრულების, კონტროლის ეტაპები არ უზრუნველყოფდა სამუშაოების შესრულებას ხარისხიანად, დროულად და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

"მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის დარღვევით და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია.

მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭიროავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების
ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.

საბიუჯეტო პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი არ იცავდა საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ხარვეზები გამოვლინდა როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ეტაპზე.

მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია. შედეგად, გაზრდილია რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

ა(ა)იპ-ებში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები ზოგიერთ შემთხვევაში დუბლირებულია, ხოლო ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის განსაზღვრული. დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად გაზრდილია რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად მაღალია", - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევა-ნაკლოვანებებისა, რომელიც აუდიტის სამსახურმა გასცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.