ახალი ამბები
ვინ უნდა მოაწესრიგოს შენობის დაზიანებული ფასადი ქუთაისში - პასუხი არავის აქვს
FaceBook
ქუთაისში, ფასადი, რომელიც ორი თვის წინ, "ქართული ოცნების" აქტივისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და "გაერთიანებული ოპოზიციის"  წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს დაზიანდა, ამ დრომდე მოუწესრიგებელია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სტატუსის მქონე შენობას ახლაც ეტყობა საღებავებისა და კვერცხების კვალი.

საუბარია, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისზე, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა 29 ნოემბერს, აქციაზე საღებავები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ქუთაისიპოსტს თავდაპირველად უთხრეს, რომ კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი შენობის ფასადის მოწესრიგება ქუთაისის მერიას დაევალა. თუმცა, მოგვიანებით სააგენტომ ეს ინფორმაცია უარყო. შესაბამისად, დღემდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არ აქვთ პასუხი კითხვაზე ვინ უნდა დაუბრუნოს პირვანდელ სახეს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა.

თავის მხრივ, პასუხისმგებლობას არ იღებს ქალაქის ხელმძღვანლეობა. მერიაში ამბობენ, რომ შენობა მერიის ბალანსზე არ არის, ამიტომაც კედელზე საღებავს ვერ მოაცილებენ.

ცისფერყანწელთა ქუჩის #11-ს, სადაც "გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისი მდებარეობს, ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოებას იცავს და არეგულირებს კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი". ძეგლზე ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას სხვადასხვა ოდენობით.



ამავე თემაზე:


დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა და ამ დრომდე დაუდგენელი დანაშაულის ნიშნები
Print