ახალი ამბები
პარლამენტის ყოფილ შენობაში საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს
FaceBook
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს.

შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით არ იციან რა ბედი ელის პარლამენტის შენობას და რა შეიძლება განთავდეს იქ.

როგორც სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ქუთაისიპოსტს უთხრეს, ამ ეტაპისთვის დასრულდა ინვენტარიზაციის პროცესი და მისი სამომავლო განკარგვის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპისთვის მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და მისი განკარგვის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - ამბობს უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნიკა ქამუშაძე.

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

2012 წლის შემდეგ 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.

მანამდრე საუბარი იყო პარლამენტის შენობისთვის რამდენიმე ფუნქციის მინიჭებაზე. მათ შორის საუბრობდნენ რომ იქ საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააჟღერა იდეა, რომ პარლამენტის შენობაში საკონფერენციო დარბაზი უნდა მოეწყოს.


ამავე თემაზე:

ხუთი უწყება, რომელიც ქუთაისს წაართვეს (ვიდეო)

ბალახში "ჩაფლული" პარლამენტის შენობა (ფოტო)

Print