ახალი ამბები
გეგუთში ქვევრში კონსტრუქციის საყრდენი დაამონტაჟეს
FaceBook
გეგუთის ციხის კომპლექსზე ქვევრში კონსტრუქციის საყრდენის დამონტაჟებაში ძეგლის დაზიანების კვალს ხედავენ.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, არასპეციალისტის მიერ დათვალიერების შედეგადაც შესამჩნევია, რომ ქვევრში კონსტრუქციის საყრდენის დამონტაჟება არასწორად მოხდა. 

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ვნახეთ გეგუთში პირიქით მოხდა, ქვევრში დაამონტაჟეს კონსტრუქციის საყრდენი, რაშიც ძეგლის დაზიანების კვალს ვხედავთ", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა და აცხადებენ, რომ ამით არქეოლოგიური ობიექტი არ ზიანდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროექტი შეთანხმებული იყო შესაბამის კვალიფიციურ უწყებებთან. 

"ვიზიტორებისთვის თვალსაჩინო, ღია ექსპოზიცია გაკეთდა მინის კონსტრუქციებით, რომელზე მუშაობაც 2017 წელს დასრულდა და ძეგლი ამით არანიარად ზიანდება. პროექტი თავიდან ბოლომდე სპეციალისტების ჩართულობითა და რეკომენდაციით განხორციელდა და ამ დროს ჯობია, სპეციალისტებს დავუჯეროთ, ვიდრე არაპროფესიონალების შეფასებებს", - ამბობს ბექა ბარამიძე.
Print