ახალი ამბები
ქუთაისის  ბულვარის რეკონსტრუქცია  რგფ-ს პროექტებშიც არ მოხვდა
FaceBook

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის ჩაშლაც მერიამ მოსახლეობას დააბრალა, ვერც რეგიონული განვითარების ფონდისთვის გასაგზავნი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა.


ბულვარისთვის თანხა არც 2020  წლის ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო.


ერთი თვის წინ, როცა ქუთაისიპოსტი რეკონსტრუქციის გეგმის ჩაშლის შესახებ წერდა, ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ესკიზის შესარჩევად ჩატარებული  ფეისბუქგამოკითხვის შედეგები განსხვავებული იყო, რის გამოც,  საბოლოო ვერსიის შერჩევა ვერ მოხდა. 
იმ შემთხვევაში კი  თუ მოსახლეობა  ახალ ვერსიას მოიწონებდა, პროექტის დაფინანსების თხოვნით რეგიონული განვითარების ფონდს მიმართავდნენ.   ერთი თვის შემდეგ  ირკვევა, რომ მერიას იმ დროისთვის ბულვარის რეკონსტრუქცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების მონახაზშიც კი არ ჰქონდა.  ესკიზის ახალი ვერსია კი საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ შეუთავაზებია.


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებს, რომ ბულვარის რეკონსტრუქციისთვის მერიას თანხა არ აქვს.

„თუ რამე შეიძლება პირველი რიგის პრიორიტეტად განვიხილოთ, ეს არის ბულვარი, თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტში ეს თანხები არ არის გათვალისწინებული და არც  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების მონახაზშია. ამ ეტაპზე ეს მდგომარეობა გვაქვს“,-ამბობს მირზა ხიდაშელი.

მისი თქმით,  ხელშეკრულება შეწყდა იმ კომპანიასთანაც, რომელსაც ბულვარის პროექტი  უნდა მოემზადებია.


ქუთაისის მერიამ ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის ივლისში დააანონსა, თუმცა, ფაქტია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს დაპირება ისე გასცა, რომ  პროექტისთვის საჭირო თანხა მობილიზებული არ ჰქონდა.

Print