ახალი ამბები
„ჩვენ მოვუვლით“ - ქუთაისის მერია საპირფარეშოებს, რომლებიც ვერ გაყიდა, რეაბილიტაციას ჩაუტარებს
FaceBook

ქუთაისის მერიამ,  საზოგადოებრივი საპირფარეშოების აუქციონზე გაყიდვის რამდენიმე  წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მათი რეაბილიტაცია გადაწყვიტა.


ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ ზუსტად არ იციან საბოლოდ მერია  აიღებს პასუხისმგებლობას მათ შემდგომ ფუნქციონირებაზე, თუ კვლავ აუქციონზე გაიტანენ.  მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი,  მირზა მამასახლისი ამბობს, რომ ამას შენობების  მოწესრიგების შემდეგ გადაწყვეტენ.

„თვითმმართველობამ მიიღო გადაწყეტილება აღნიშნული საპირფარეშოები საკუთარი სახსრებით მოაწესრიგოს. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,  პასუხისმგებლობას აიღებს თვითმმართველობა, თუმცა, ამასთანვე,  შესაძლოა,  იყოს საუბარი მათ ისევ აუქციონზე გატანაზე. ჯერ მოვაწესრიგოთ“, - ამბობს მირზა მამასახლისი.


ქუთაისში სულ ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოა. მათგან მხოლოდ ერთი, ცენტრალურ ბულვარში მდებარე შენობა ფუნქციონირებს. დანარჩენი მიტოვებული და მოუწესრიგებელია.

მერიას საპირფარეშოების აუქციონზე გაყიდვის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა, უშედეგოდ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ  2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის   განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ გაუყიდავი საპირფარეშო გაყიდულად გამოაცხადა

Print