ახალი ამბები
პრემიერის დავალებით ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ჩავა
FaceBook

პრემიერ–მინისტრ, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჩავა.


 

„მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,  ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე.  ის გაემგზავრება არა გარემოებებისა და საქმის  გასაცნობად, არამედ, პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათიას, რომ  იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები“,–განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

 

მან მინისტრებთან შეხვედრა ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.

გიორგი გახარიამ მიუღებლად შეაფასა ადგილზე არსებული ვითარება და განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც ტყიბულში ხდება არის მიუღებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს  როგორც თავისი საფინანსო–სახელფასო ვალდებულებები, ასევე, შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები.


მან ასევე, აღნიშნა, რომ სახელმწიფო გვერდით უდგას ბიზნესს, თუმცა, დამსაქმებელმა  უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების  სოციალური ინტერესები  და პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.
კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.





ამავე თემაზე:

გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)
Print